ესპანეთის მეფის ქალიშვილი

ესპანეთის მეფის ქალიშვილს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ

ladigitalradiomadrid.com

ესპანეთის მეფის ხუან კარლოს პირველის ქალიშვილი ფინანსურ მაქინაციებში ეჭვმიტანილად მიიჩნიეს. ინფანტა ქრისტინა საგადასახადო დანაშაულსა და ფულის გათეთრების საქმეებთან დაკავშირებით ესპანეთის სასამართლოს წინაშე 8 მარტს უნდა წარდგეს.

მეფის ქალიშვილს მის თანამფლობელობაში მყოფი კომპანია Aizoon-ის მეშვეობით ფინანსური მაქინაციების განხორციელებაში ადანაშაულებენ. სავარაუდოდ, არაკომერციული ორგანიზაცია Noos Institute კომპანიაში მილიონობით საბიუჯეტო თანხებს რიცხავდა, ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში კი, ინფანტა ქრისტინას მეუღლე შედიოდა, რომლის წინააღმდეგაც ამჟამად სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ინფანტას მეუღლეს და მის ბიზნესპარტნიორს 5.8 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ედებათ ბრალი. ესპანეთის სამეფო სახლის განცხადებით, ისინი მაქსიმალურ პატივისცემას გამოხატავენ სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ. ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში, როცა მეფის პირდაპირი ნათესავი სასამართლოს წინაშე წარდგება.

კომენტარები