სოჭის ოლიმპიადა

ავსტრიის კანცლერი სოჭში გამგზავრებას გეგმავს

spoe.at

ავსტრიის ფედერალური კანცლერი ვერნერ ფაიმანი სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Der Standard იტყობინება. მსოფლიოს სხვა ლიდერებისგან განსხვავებით კანცლერი ფაიმანი მიიჩნევს, რომ სოჭში გამგზავრება დასაძრახი საქციელი არ არის და იქ ავსტრიელი სპორტსმენების მხარდასაჭერად მიდის. 

ავსტრიის მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება ქვეყნის ოპოზიციის ნაწილი -  რუსეთში ადამიანის უფლებების, მათ შორის LGBT პირების, დარღვევის გამო. 

სოჭის ზამთრის ოლიმპიადას ბევრი მსოფლიო ლიდერი არ დაესწრება. მათ შორის არიან გერმანიის, საფრანგეთის და შეერთებული შტატების პრეზიდენტები. თუმცა, მათ არ დაუკონკრეტებიათ მიზეზები, თუ რატომ არ დაესწრებოდნენ ოლიმპიადას. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ კი განაცხადა, რომ ზამთრის თამაშებს პოლიტიკური მიზეზების გამო არ დაესწრება.

სოჭში არ გაემგზავრებიან ასევე ბრიტანეთისა და ისრაელის პრემიერმინისტრები. გადაწყვეტილება სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრების შესახებ ჯერ არ მიუღია გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს.

კომენტარები