ევროსაბჭოს დელეგაცია გახმაურებული საქმეების გამოძიებით დაინტერესდა

ევროსაბჭოს მონიტორინგის წარმომადგენლები მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებული საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საქმეების გამოძიებით დაინტერესდნენ. მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია მაიკლ ასტრუპ იენსენის, ბორის სილევიჩისა და ბას კლეინის შემადგენლობით იმ საკანონმდებლო ცვლილებებსაც გაეცნო, რომელზეც მთავარი პროკურატურა მუშაობს. შეხვედრას ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შოთაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე.

შეგახსენებთ, რომ დელეგაციის წევრები საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს, ასევე სახალხო დამცველს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს. ხვალ, 15 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავენ.

კომენტარები