ღარიბაშვილის პრესკონფერენციის შეფასებები

ნადირაშვილი: პრემიერის თავდასხმა ოპონენტზე, ვერ მოაგვარებს ქვეყნის პრობლემებს

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი პრესკონფერენცია საგანგაშოა და მისი მხრიდან თავდასხმა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე, ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაშია.

”დღეს მქონდა შთაბეჭდილება, რომ დღეს ისევ ბიძინა ივანიშვილს ვუსმენდი. ეს ტრადიცია ბრიფინგების ჩატარების გადმოღებული აქვს ღარიბაშვილს. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მოვიდა დემოკრატიის დროშით, დაგვიტოვა პრემიერმინისტრი, რომელსაც საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს დემოკრატიული ცხოვრება. რამდენიმესაათიანი პრესკონფერენციის დროს, ის მუდმივად უბრუნდებოდა პოლიტიკური ოპონენტების განადგურების საკითხს და ყოველ ჯერზე, ყოველ პრობლემატურ კითხვაზე დასმულ კითხვას ის პასუხობდა, რომ გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოწინააღმდეგის განადგურება. ჩემთვის სამწუხაროა ისიც, რომ პრემიერმინისტრმა არ იცის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აირჩია ყოველმა მეოთხე ადამიანმა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამიტომ მე მას მოვუწოდებ, რომ მათ არჩევანს პრემიერმინისტრმა სცეს პატივი, ისინიც არიან საქართველოს მოქალაქეები. ვთვლი, რომ ის ბრიფინგი, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, არის საგანგაშო და პრემიერის მხრიდან ასეთი თავდასხმა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე, მათ ვერ მოუგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაშია. ვგულისხმობ ეკონომიკაში პრობლემებს, პოლიტიკურ დევნას და ა.შ.", - თქვა ნადირაშვილმა.

კომენტარები