ვანო მერაბიშვილის საქმე

მაჭავარიანი: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოპოზიცია ფიზიკურად განადგურდეს

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ "საქმე გვაქვს სუფთა სახის პოლიტიკურ დევნასთან". მისი თქმით, "საქართველოსნაირ ქვეყანაში პრემიერმინისტრის საქმე არ არის, როგორ და სად იჯდება ყოფილი პრემიერმინისტრი".

"ღარიბაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ყოფილი პრემიერმინისტრი და ოპოზიციონერი ლიდერი უნდა იყოს ციხეში, რათა მთავარ ოპოზიციურ პარტიას სწორედ ასე გაუსწორდნენ. მანამდე იყო შენიშვნები რიტორიკასთან დაკავშირებით. დიდია შიში ოპოზიციის მიმართ. დღეს, როცა მთავრობა ვერცერთ დაპირებას ვერ ასრულებს და, ადრე თუ გვიან, ეს საკითხები დღის წესრიგში დადგება, ყველაზე მარტივი გზა ოპოზიციური პარტიის განადგურებაა: სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და ფინანსური რესურსების ჩაჭრა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოპოზიცია ფიზიკურად განადგურდეს", - აღნიშნა მაჭავარიანმა. 

ცნობისთვის, დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "ვანო მერაბიშვილის გატაცება არავის არ სჭირდება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება".

კომენტარები