თბილისის ბიუჯეტი

თბილისის მერია დედაქალაქის ბიუჯეტს საკრებულოს დღეს კიდევ ერთხელ წარუდგენს

Wikipedia

თბილისის მერია და მერის მოვალეობის შემსრულებელი საკრებულოს დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტს დღეს კიდევ ერთხელ წარუდგენენ. საკრებულოს უმრავლესობის წევრების თქმით, ისინი მზად არიან კონსენსუსისთვის და სადავო საკითხების გადასაწყვეტად, მერიასთან და უმცირესობასთან კონსულტაციები ექნებათ. საკრებულოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმება 10 მარტამდე მოხერხდება.

"ჩვენ, ქალაქ თბილისის საკრებულო, მოწადინებულები და მოტივირებულები ვართ, რომ ქალაქს გააჩნდეს ბიუჯეტი, ოღონდ არა ისეთი, როგორიც უნდა კონკრეტულად ერთ პარტიას - ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ გვინდა, ქალაქს გააჩნდეს ბიუჯეტი, რომელიც მოტივირებული და მიზანმიმართული იქნება თბილისელების უკეთესი მომავლისთვის. ყელა თეთრი უნდა დაიხარჯოს ქალაქის ინტერესებისთვის და თბილისელებისთვის და არცერთი - პოლიტიკური ძალის პირადი ინტერესებისთვის", - ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის თქმით კი, მერიამ პირველადი შენიშვნების დიდი ნაწილი, 14-დან ათი შენიშვნა გაითვალისწინა და შეასრულა.

"დანარჩენის გაწერა შეუძლებელია. ან შეუძლებელია მათი შესრულება კანონიდან გამომდინარე. ჩვენ შევეცდებით, რაც კი შესაძლებელია, ყველაფერი გავითვალისწინოთ", - აღნიშნავს უგრეხელიძე.

ცნობისთვის, თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

კომენტარები