სირიის კონფლიქტი

ბან კი-მუნმა ირანი სირიის კონფლიქტთან დაკავშირებულ კონფერენციაზე მიიწვია

un.org

გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ირანი სირიის კონფლიქტთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია. კონფერენცია შვეიცარიაში 22 იანვარს არის დაგეგმილი.

"მჯერა, რომ ირანმა სირიის კრიზისის გადაწყვეტაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მე რამდენჯერმე ვესაუბრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს. მან დამიდასტურა, რომ ირანი აცნობიერებს ამ მოლაპარაკების მიზანს, რომელიც 2012 წლის 30 ივნისის ჟენევის კომუნიკეს სრულ იმპლემენტაციას წარმოადგენს", - თქვა ბან კი-მუნმა.

შვეიცარიის ქალაქ მონტრეში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც ჟენევა 2-ის სახელითაა ცნობილი, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნებისა და დამატებით 30 სახელმწიფოს დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას. მოლაპარაკება სირიის გარდამავალი მთავრობის ფორმირების პროცესის დაწყებას ისახავს მიზნად.

ირანის კონფერენციაზე მიწვევის გამო, შესაძლოა, სირიის ოპოზიციამ მოლაპარაკებას ბოიკოტი გამოუცხადოს და კონფერენციას არ დაესწროს. სირიის ოპოზიცია ირანის მოლაპარაკებაში ჩართვას ეწინააღმდეგება, რადგან თეირანი პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდამჭერად მიიჩნევა.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი სააგენტო ფრანს პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საერთაშორისო კონფერენციის მიზანი ტერორიზმთან ბრძოლა უნდა იყოს.

"ჟენევის კონფერენციამ სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით შედეგები უნდა მოიტანოს. კერძოდ, მან ზეწოლა უნდა განახორციელოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც სირიაში ტერორისტებს ფულსა და შეიარაღებას უგზავნიან, განსაკუთრებით საუდის არაბეთი და თურქეთი. და, რაღა თქმა უნდა, დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებს პოლიტიკური საფარველით უზრუნველყოფენ. ჟენევის კონფერენციის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ფასი არა აქვს, თუ ის ტერორიზმთან ბრძოლისკენ არ არის მიმართული. შეუძლებელია საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა, როცა არა მხოლოდ სირიაში, არამედ მის სამეზობლოში ტერორიზმია გამეფებული", - ამბობს ალ-ასადი.

სირიის კონფლიქტი 2011 წელს დაიწყო და ბოლო მონაცემებით, 100 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სხვადასხვა ცნობით, 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა კონფლიქტის შედეგად სირია დატოვა, 6 მილიონზე მეტ ადამიანს კი საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუხდა.

 

კომენტარები