ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

CRRC საქართველო: 2013 წელს ტერიტორიული მთლიანობა ნაკლებად პრიორიტეტულია

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2013 წელს გამოკითხულებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ნაკლებად პრიორიტეტულად მიაჩნიათ, ვიდრე 2011 და 2009 წლებში. 2013 წლის მონაცემებით, რესპონდენტთა 39% ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამ საკითხს შორის არის, 2011 წელს ასე გამოკითხულთა 42% მიიჩნევდა, ხოლო 2009 წელს - 53%.

ამასთან, რუსეთთან ურთიერთობა ქვეყნისთვის პრორიტეტულად 2013 წელს გამოკითხულთა 24%-ს მიაჩნია. 2011 წელს რესპონდენტთა 16% ფიქრობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია, 2009 წელს კი, 27%.

კითხვაზე, რა არის ის სამი საკითხი, რომელიც ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, 2013 წელს გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია. სამუშაო ადგილებს 2011 წელს 28% მიიჩნევდა პრიორიტეტულად, ხოლო 2009 წელს - 53%. 

სიღარიბე 2013 წელს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია გამოკითხულთა 26%-ს, ეს მაჩვენებელი 2011 წელს 31% იყო, ხოლო 2009 წელს - 25%. ამასთან, პენსიები პრიორიტეტულად მიაჩნია გამოკითხულთა 22%-ს. 2011 და 2009 წლებში პენსიას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხად რესპონდენტების შესაბამისად, 24% და 22% მიიჩნევდა.

კითხვაზე, ხვალ რომ რეფერენდუმი იყოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერდით მხარს თუ არა? ქართულენოვანი მოსახლეობის 83% დადებითად პასუხობს, ხოლო 4% უარყოფითად, 6% ამბობს, რომ რეფერენდუმში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებდა. რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, გამოკითხულთა 38% დადებითად პასუხობს, 9% უარყოფითად, ხოლო 19% ამბობს, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. "ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ძირითადი ტენდენციები 2009-2013 წლებში" - ამ სახელწოდების ანგარიშში ასახულია ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება 2013 წლისათვის და ბოლო ოთხი წლის ძირითადი ტენდენციები ამ კუთხით.

აღნიშნული კვლევა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით, CRRC საქართველომ, პირველად 2009 წელს, ხოლო განმეორებით, 2011 წელს, ჩაატარა. კვლევის მესამე ტალღა 2013 წელს ჩატარდა და წინა ორი ტალღისგან განსხვავებით, ასევე შეისწავლა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ცოდნა და დამოკიდებულება. შესაბამისად, ბოლო კვლევა გვიჩვენებს მთავარ განსხვავებებს ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებისა და ეთნიკური უმრავლესობის პრიორიტეტებსა და განწყობებს შორის.

კომენტარები