უგულავასა და კეზერაშვილის საქმე

ბრალდების მხარე კეზერაშვილის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას ითხოვს

AFP.com

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის პროცესი განახლდა. ბრალდების მხარე კეზერაშვილის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას ითხოვს. ჯერჯერობით, უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ამ შუამდგომლობას.

"ევროსასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია ბრალდებულის ექსტრადიციის საბოლოო საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლო განხილვის გაგრძელება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დააყენებს შუამდგომლობას კეზერაშვილის მიმართ ცალკე წარმოებად სისხლის სამართლის საქმის დაყენების თაობაზე", - ამბობს პროკურორი გიგა ძნელაძე.

თბილისის უფლებამოსილებაშეწყვეტილი მერის გიგი უგულავას თქმით კი, აღნიშნული შუამდგომლობები პროცესის გაწელვას ემსახურება. მისი შეფასებით, პროკურატურას სურს სასამართლო პროცესი არჩევნებამდე გაწელოს.

"ახლა ცალკე უნდათ საქმე გაყინონ, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ კეზერაშვილის მიმართ ხორციელდება კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური შანტაჟი და პოლიტიკური ზეწოლა, თითხნიან საქმეს და, სავარაუდოდ, ახალი პროკურორის დანიშვნას ელოდებოდა მთავრობა. ეს კანონის ენაზე არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. სავარაუდოდ, ამ ყველაფერს უკავშირდება ეს შუამდგომლობა. თავად პროცესი ნელი ტემპით მიდის, რაც არის პროკურატურის ბრალი. მოწმეები მოჰყავთ ცოტა, რომ სასამართლო უგზოუკვლოდ გაიწელოს", - ამბობს უგულავა.

ამასთან, საფრანგეთის სასამართლო დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვას იწყებს. როგორც ინტერპრესნიუსს კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა განუცხადა, საფრანგეთის სასამართლოში შესაბამისი პროცესი დღეს არის ჩანიშნული.

"ვფიქრობ, რომ დღევანდელ პროცესზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რადგან საქმე ჯერ ამ ეტაპზე არ არის. თუმცა, ესაა ჩემი აზრი და ზოგადად ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - აღნიშნა ადვოკატმა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს. დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დავით კეზერაშვილს პროკურატურა ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ედავება. იმედის და რიყის გასხვისების საქმეზე კი, კეზერაშვილი დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერთან გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

კომენტარები