ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

არასამთავრობოები: ყველა მერი და გამგებელი ერთნაირი წესით უნდა აირჩეს

არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პეტიციას ავრცელებენ და ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მეთოდებს სთავაზობენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების და ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრიორიტეტული საკითხია არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა.

"როგორც ცნობილია, 2014 წლის იანვარში საპარლამენტო ინტერფრაქციულმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს 2014 წელს არჩევნების ჩატარებას. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა. მოქმედი საარჩევნო სისტემა დიდი ხანია წარმოადგენს კრიტიკის საგანს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური პარტიების მხრიდან. გარდა ადგილობრივი ორგანიზაციებისა, ვენეციის კომისიისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციაა საარჩევნო სისტემების გადახედვა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, რათა დაცულ იქნეს ხმის წონის თანაბრობის პრინციპი. თუმცა, დღემდე პოლიტიკური გადაწყვეტილება სისტემის შეცვლის შესახებ არ არის მიღებული, რაც დარჩენილ მცირე დროში ხელს უშლის მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების კუთხით", - აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ დღეს არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში. მათი შეფასებით, დიდია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა და არ არის დაცული ერთი ხმის თანასწორობის პრინციპი.

"შესაბამისად, ხელისუფლებას ვთავაზობთ, მერისა და გამგებლის არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვალოს ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს 50% + 1 ხმას. ამავდროულად, პრინციპულია, რომ ყველა მერი და გამგებელი ერთნაირი წესით აირჩეს. გაუქმდეს ერთმანდატიანი ოლქების არსებული სისტემა. უმჯობესად მიგვაჩნია, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ეს სისტემა შეიცვალოს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების დროულად მიღება და ისეთი საარჩევნო სისტემის დამკვიდრება, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და უკეთ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩევნებში გამოვლენილ ნებას. ამავდროულად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგს უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნული ცვლილებების განხორციელება არსებითად მნიშვნელოვანია არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებისთვის. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ დროში მითითებული ცვლილებების განხორციელება დროში მოსწრებადია", - ნათქვამია პეტიციაში და აღნიშნულია, რომ განცხადება ღიაა ხელმოსაწერად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური გაერთიანებისათვის. 

"პეტიციისადმი შეერთება არ ნიშნავს, რომ მის მხარდამჭერს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვა რეკომენდაციები არ გააჩნია", - აცხადებენ არასამთავრობოები.

პარლამენტი ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს მეორე მოსმენით კენჭს დღევანდელ სხდომაზე უყრის. კანონპროექტის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქები მერს პირდაპირი წესით აირჩევენ. ასევე, უმრავლესობის ინიციატივაა, რომ 12 თვითმმართველი ქალაქის მერის ასარჩევად 40%-იანი ბარიერი დაწესდეს.

კომენტარები