თბილისის ბიუჯეტი

უგრეხელიძე: თბილისის საკრებულო კრიზისის გაღრმავებას ცდილობს

თბილისის ბიუჯეტზე როცა ვკამათობთ, თბილისელები გვავიწყდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, თებერვლის ბოლოდან 600 ათასი ადამიანი, რომელიც სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით, შეღავათებს ვეღარ მიიღებს. ასევე, ბაგა ბაღებში მარტიდან დადგება  პედაგოგთა ხელფასების ანაზღაურების და ბავშვთა კვების პრობლემა, რაც შეეხება 200 ბაღს და დაახლოებით 48 ათას ბავშვს. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერია იძულებული გახდა შეეწყვიტა ავტობუსების ტენდერი, რითაც უნარშეზღუდული ადამიანებისთვის პირობები ვეღარ გაუმჯობესდა. უგრეხელიძის თქმით, რთულდება ავარიული სახლების მთელი გამაგრებაც.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საკრებულომ თბილისის მერიისგან დედაქალაქის ბიუჯეტის ახალი ვარიანტი მიიღო, სადაც საკრებულოს ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია. "საკრებულოს წევრები ბიუჯეტის დოკუმენტს არ კითხულობენ და ამბობენ, რომ სხვა ხარჯები ჩაშლილი არ არის. ჩაშლილია", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, თბილისის საკრებულო ხელოვნურად აჭიანურებს მოლაპარაკებებს და კონკრეტულ ვადებზე არასდროს საუბრობს. სევდია უგრეხელიძის თქმით, თბილისის საკრებულო კრიზისის გაღრმავებას ცდილობს. ამის მაგალითად, უგრეხელიძეს თბილისის საკრებულოს მიერ დანიშნული საგანგებო სხდომა მოყავს, სადაც თბილისის ბიუჯეტი უნდა განხილულიყო. "ჩვენ ბიუჯეტის მიღება გვინდოდა და არა ჩაგდება. ვიცოდით, რომ საკრებულოს ბიუჯეტის ჩაგდება უნდა", - აღნიშნა უგრეხელიძემ.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, თბილისის საკრებულო ძალადობით, ზეწოლით, ანგარებითა და მოსყიდვით დაკომპლექტდა და როცა ჩიხიდან გამოსავლად მხოლოდ თბილისის მთავრობის გადადგომას ხედავს, ის ამ გადაწყვეტილების შედეგებს არ უფიქრდება. "საკრებულოს თბილისის მთავრობის დათხოვნის უფლება რომ ჰქონდეს, ამას აქამდე გააკეთებდა", - აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.

კომენტარები