შეტაკებები უკრაინაში

უკრაინის პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

უკრაინის პარლამენტმა ოთხშაბათს, გვიან ღამით ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამნისტია უკანასკნელ პერიოდში უკრაინაში მიმდინარე აქციებში დაკავებულ პირებს შეეხებათ.

ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ოპოზიციური ფრაქციები ბატკივშინა, უდარი და სვობოდა კანონპროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ამის მიზეზი პუნქტია, რომლის მიხედვითაც კანონი ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც დემონსტრანტები უკრაინაში დაკავებულ ადმინისტრაციულ შენობებსა და ბლოკირებულ ქუჩებს დატოვებენ. კანონპროექტის ტექსტის მიხედვით, ეს პუნქტი არ ეხება იმ ტერიტორიებს, სადაც მშვიდობიანი აქციები იმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი თავად მივიდა პარლამენტში და მმართველი პარტიის წევრებს დაემუქრა, რომ ამნისტიის კანონის არმიღების შემთხვევაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი რადაში საავადმყოფოდან მივიდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იანუკოვიჩს მწვავე რესპირატორული დაავადება აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.
მათივე ინფორმაციით, ავადმყოფობასთან დაკავშირებით იანუკოვიჩმა შვებულება აიღო.

მაიდანზე შეკრებილი დემონსტრანტები საპროტესტო აქციას არ წყვეტენ და რადას მიერ მიღებული კანონის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 

კომენტარები