შეტაკებები უკრაინაში

უკრაინის მოვლენებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ თუკი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები და საპროტესტო აქციების ძალისმიერი გზით დარბევები გაგრძელდება, შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აპრილის სესიისთვის უკრაინის დელეგაციისთვის ხმის ჩამორთმევის შესაძლებლობას განიხილოს.

უკრაინის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრებმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 16 იანვარს მიღებული კანონების გაუქმება პირველი დამაიმედებელი ნაბიჯია კომპრომისის მონახვის გზაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს კრიზისიდან გამოსვლას. პრემიერმინისტრები აცხადებენ, რომ კრიზისის შემდგომი ესკალაცია საფრთხის ქვეშ აყენებს უკრაინის მომავალს და შეშფოთებას გამოთქვამენ ექსტრემისტული დაჯგუფებების ქმედებების გამო.

ოპოზიციისთვის მიცემული დაპირებების ასრულებისკენ მოუწოდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა. მისი თქმით, ზოგიერთი საკითხი არ სრულდება ისე, როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების შედეგად იყო შეთანხმებული.

მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს კიევში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონიც. მისი თქმით, საჭიროა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რეალური დიალოგი დაიწყოს.

კომენტარები