თბილისის ბიუჯეტი

საკრებულოს თავმჯდომარე: ჩვენი ოპონენტები არავითარ კომპრომისს არ გვთავაზობენ

ირაკლი შიხიაშვილი
netgazeti.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს უმცირესობას მიმართავს. შიხიაშვილი ითხოვს, რომ ქალაქის ახალი მთავრობა მრავალპარტიულ საკრებულოსთან შეთანხმებით ჩამოყალიბდეს.

"ჩემი მიზანია, თბილისის მთავრობის საქმიანობა რაც შეიძლება მეტად გამჭვირვალე იყოს. მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, მრავალპარტიულ საკრებულოსთან შეთანხმებით ჩამოყალიბდეს თბილისის ახალი მთავრობა. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს ოპონენტებს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონკრეტული კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ, რასაც ისინი არ ეთანხმებიან და ამასთანავე, არავითარ კომპრომისს თავად არ გვთავაზობენ", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, საკრებულოს 12 თებერვლის რიგგარეშე სხდომამდე, უმრავლესობა მზად არის, უმცირესობასთან და მერიის წარმომადგენლებთან აქტიურად იმუშავოს თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით, რათა მთავარი ფინანსური დოკუმენტი მაქსიმალურად ასახავდეს თბილისელების ინტერესებს.

ცნობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დღეს დედაქალაქის მთავრობის გადადგომის ინიციატივით გამოვიდა. შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქს მრავალპარტიული მთავრობა უნდა ჰყავდეს. მერიის განცხადებით კი, საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნა "კვლავ ამტკიცებს ირაკლი შიხიაშვილისა და საკრებულოს ქართული ოცნების პოლიტიკურად მოტივირებულ, გაუმართლებელ ახირებას, რაც საბიუჯეტო პროცესის ჩიხში შეყვანასა და, საბოლოოდ, თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას ემსახურება".

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

20 იანვარს, თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია. უმრავლესობის წევრების მტკიცებით კი, მერიას არ წარუდგენია ისეთი ბიუჯეტი, როგორსაც საკრებულო ითხოვს.

კომენტარები