შეტაკებები უკრაინაში

კვაჭანტირაძე: უკრაინის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ენიჭება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. მისი თქმით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის რჩევების მიღებისგან თავი შეიკავოს.

"პასუხისმგებლობა ენიჭება ორივე მხარეს იმაზე, რაც მოხდა წუხელ. იმიტომ, რომ  ორივე მხარე ვალდებულია მივიდეს გარკვეულწილად რაღაც კონსენსუსამდე ისე, რომ არ დაზარალდეს უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინის სუვერენიტეტის ინტერესები. უკრაინაში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, ამიტომ აუცილებელია ეს ყველაფერი მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. და საერთოდაც, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილისგან რჩევების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოს. რაც უფრო ნაკლებს დაუჯერებს ბატონი კლიჩკო ბატონ სააკაშვილს, მით უფრო მოიგებს", - აცხადებს კვაჭანტირაძე.

უკრაინაში გუშინდელი შეტაკებებისას, ბოლო მონაცემებით, 25 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ოპოზიციის მოლაპარაკებები პრეზიდენტ იანუკოვიჩთან უშედეგოდ დასრულდა. უდარის ლიდერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იანუკოვიჩი ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, იქ იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. გარდა ამისა, სააკაშვილი ვიტალი კლიჩკოს და არსენი იაცენიუკს შეხვდა მიუნხენის რიგით 50-ე უსაფრთხოების კონფერენციაზეც, სადაც სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, კლიჩკო დამაიმედებელი ლიდერია.

"მიუნხენში სხვებთან ერთად შევხვდი უკრაინული რევოლუციის ლიდერებს. ჩანდა, რომ მათ აქვთ ხედვა და გეგმა. კლიჩკოს სიტყვა იყო ყველაზე შთამაგონებელი, რაც მე ოდესმე მომისმენია მიუნხენის კონფერენციაზე, რომელზე დასწრებაც 9 წლის წინ დავიწყე", - აღნიშნა სააკაშვილმა 2 თებერვალს.

კომენტარები