შეტაკებები უკრაინაში

ვიქტორ დოლიძე: რუსეთი არ უნდა ჩაერიოს უკრაინის პოლიტიკაში

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია. მისი თქმით, არეულობა ქვეყანაში დროულად უნდა შეჩერდეს და მასზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

"საქართველოს პარლამენტმა არაერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და ჩვენ ახლაც იმ აზრზე ვართ. ვერავინ ვერ უნდა შეაჩეროს უკრაინის ევროპული მისწრაფებები და რუსეთი არ უნდა ჩაერიოს ქვეყნის პოლიტიკაში. უკრაინაში ქართველის დაღუპვის ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ახლოს არის ის პრობლემები, რომელიც დღეს ამ ქვეყნის წინაშე დგას", - ამბობს უმრავლესობის წევრი ინტერპრესნიუსის ცნობით.

უკრაინაში გუშინდელი შეტაკებებისას, ბოლო მონაცემებით, 25 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცავებისა და ოპოზიციონერების ინფორმაციით, დაღუპულთა ნაწილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს. დაღუპულებს შორის 1 საქართველოს მოქალაქეა, 1 - "ვესტის" ჟურნალისტი, ასევე დაღუპულია 9 პოლიციელი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ათეული. ბოლო ორი დღის განმავლობაში კიევში ასევე დაშავდა რამდენიმე ასეული ოპოზიციონერი აქტივისტი.

ამასთან, ოპოზიციის მოლაპარაკებები პრეზიდენტ იანუკოვიჩთან უშედეგოდ დასრულდა. უდარის ლიდერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იანუკოვიჩი ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდასაჭერი განცხადება 23 იანვარს, 118 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. ქართველი პარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ უკრაინაში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით და გარდაცვლილთა გამო უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებენ.

"საქართველოს პარლამენტი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო, რამაც ადამიანების დაღუპვა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ უკრაინელ ხალხს.

საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებასა და ვითარების ესკალაციას, რამაც შესაძლებელია ქვეყანა ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს. საქართველოს პარლამენტი იზიარებს ევროპის კავშირისა და აშშ-ს მიერ გაკეთებული განცხადებების სულისკვეთებას და მიაჩნია, რომ ძალის გამოყენება და დაძაბულობის გაზრდა ქვეყანას ვერ გამოიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს მხოლოდ დიალოგის გზით მონახონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. ამ პროცესში უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ღონე უნდა იხმაროს შექმნილი კრიზისის დაძლევის მიზნით ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგის დაწყებისათვის და ვითარების განმუხტვისათვის.

საქართველოს პარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელი ხალხის მისწრაფებას გახდეს თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და დარწმუნებულია, რომ რუსეთი ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმის იძულების გზით, ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს ვერ შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინაში საპროტესტო აქციები 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვა.

კომენტარები