შეტაკებები უკრაინაში

კუბლაშვილი: უკრაინელების ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გმირობაა

chveniambebi.info

საპარლამენტო უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გმირი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

"უკრაინაში დღეს იბრძვიან არა მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინა საბოლოოდ გათავისუფლდეს ყოველგვარი გავლენისგან რუსეთის და კრემლის მხრიდან, არამედ, ისინი იბრძვიან ევროპული მომავლისთვის. ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ უკრაინის, ეს არის საქართველოს და მთლიანად ევროპის ხვალინდელი დღე. ეს არის დღევანდელი ბრძოლის მთავარი საგანი და მართლაც გმირობაა ამ ადამიანების ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვადევნებდით ამ თვეების განმავლობაში თვალს", - თქვა კუბლაშვილმა.

უკრაინაში გუშინდელი შეტაკებებისას, ბოლო მონაცემებით, 25 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცავებისა და ოპოზიციონერების ინფორმაციით, დაღუპულთა ნაწილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს. დაღუპულებს შორის 1 საქართველოს მოქალაქეა, 1 - "ვესტის" ჟურნალისტი, ასევე დაღუპულია 9 პოლიციელი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ათეული. ბოლო ორი დღის განმავლობაში კიევში ასევე დაშავდა რამდენიმე ასეული ოპოზიციონერი აქტივისტი.

ამასთან, ოპოზიციის მოლაპარაკებები პრეზიდენტ იანუკოვიჩთან უშედეგოდ დასრულდა. უდარის ლიდერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იანუკოვიჩი ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

კომენტარები