შეტაკებები უკრაინაში

უსუფაშვილი: მოვუწოდებთ უკრაინელ პოლიტიკოსებს, მოძებნონ გამოსავალი

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, მსოფლიოს ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინაში მსხვერპლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. 

"ვუსამძიმრებ უკრაინელ ხალხს. უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ორჯერ მიიღო რეზოლუცია. იმავე აზრზე ვართ დღესაც და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ასევე, მოვუწოდებთ კოლეგებს, პოლიტიკოსებს, მოძებნონ გამოსავალი, იქნებ ახლა მაინც შეჩერდეს ძალადობის ესკალაცია. სხვა ყველაფერი ჩვენს ძალებს აღემატება. თუმცა ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მოძებნის ძალებს, რომ ამ დაპირისპირების მოგვარება მოხერხდეს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

უკრაინაში მიმდინარე პროცესებს დავით უსუფაშვილი პლენარულ სხდომაზეც გამოეხმაურა. 

"მინდა ღრმა შეშფოთება, ღრმა მწუხარება გამოვხატო უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. სამწუხაროდ, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. როგორც ჩანს, ვითარება ნელ-ნელა კონტროლიდან გადის. ეს უაღრესად სამწუხარო ფაქტია. ჩვენი მიმართვა უკრაინის პოლიტიკური წრეების და ასევე საერთაშორო თანამეგობრობის მიმართ რჩება უცვლელი, რომ მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ძალადობის ესკალაციის შესაჩერებლად და საკითხის დიალოგის გზით გადასაწყვეტად", - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის სესიის გახსნისას.

უკრაინაში გუშინდელი შეტაკებებისას, ბოლო მონაცემებით, 25 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცავებისა და ოპოზიციონერების ინფორმაციით, დაღუპულთა ნაწილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს. დაღუპულებს შორის 1 საქართველოს მოქალაქეა, 1 - "ვესტის" ჟურნალისტი, ასევე დაღუპულია 9 პოლიციელი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ათეული. ბოლო ორი დღის განმავლობაში კიევში ასევე დაშავდა რამდენიმე ასეული ოპოზიციონერი აქტივისტი.

ამასთან, ოპოზიციის მოლაპარაკებები პრეზიდენტ იანუკოვიჩთან უშედეგოდ დასრულდა. უდარის ლიდერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იანუკოვიჩი ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

კომენტარები