პროკურატურის მოთხოვნა

პროკურატურა ცესკოს წერილის გასაჯაროების გამო მოკვლევის ჩატარებას სთხოვს

მთავარი პროკურატურა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან წერილის გასაჯაროების გამო, მოკვლევის ჩატარებას ითხოვს. პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის თემურ დოლიძის განცხადებით, უწყების ოფიციალური წერილი, რომელიც 2010 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა სტატუსით კიევში გამგზავრებულთა სიას ეხებოდა, Facebook-ში გავრცელდა.

"მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც, მთავარმა პროკურატურამ ცესკოდან გამოითხოვა გამოძიებისთვის აუცილებელი ინფორმაცია. აღნიშნული წერილი ატვირთულ იქნა Facebook-ის გვერდზე ჩვენთან შეუთანხმებლად, რასთან დაკავშირებითაც, პროკურატურა წერილობით მიმართავს ცესკოს აღნიშნული ფაქტის შემდგომში მოკვლევის მიზნით. ეს არის სისხლის სამართლის საქმის მასალა, რომლის გასაჯაროების წესიც მკაცრად არის რეგლამენტირებული", - უთხრა დოლიძემ ტაბულას.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის თქმით, გამოძიების დეტალები საზოგადოებისთვის მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა და 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, უკრაინაში დამკვირვებლის სტატუსით გამგზავრებულთა სია მოსთხოვა.

"შემოსულია ცესკოში მთავარი პროკურატურიდან წერილი. ისინი ითხოვენ ინფორმაციას თუ ვინ წავიდა საქართველოდან 2010 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით. ჩვენ ეს ინფორმაცია უნდა მოვამზადოთ და გავაგზავნოთ", - უთხრა ტაბულას ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

პროკურატურის მიმართვის წერილი Facebook-ში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ გაავრცელა. დოკუმენტის მიხედვით, გამოძიება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ფულადი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ითხოვს მთავარი პროკურატურა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან იმ პირთა სიას, რომლებიც 2010 წელს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ.

კომენტარები