საკრებულოს წევრის დაკავება

ენმ: წურწუმიას დაკავება პარტიის წინააღმდეგ მომართული რეპრესიების ახალი ტალღაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ზუგდიდის საკრებულოს წევრის გიორგი წურწუმიას დაკავება პარტიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ტალღაა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე, პარტიის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, წურწუმია გუშინ დააკავეს. 

"ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღა დაუპირისპირა. ხონის გამგებლის ზურაბ ჯიბუხაიას და გამგებლის მოადგილის მერაბ ჭელიძის, აგრეთვე, დუშეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ოტიაშვილის შემდეგ, სამიზნე ზუგდიდის რაიონის საკრებულოს წევრი გიორგი წურწუმია აღმოჩნდა. ის თენგიზ გუნავას თანამებრძოლი და მეგობარია. გიორგი წურწუმია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებში. გიორგი წურწუმია გუშინ, 18 თებერვალს, 14:00 საათზე დააკავა ფინანსურმა პოლიციამ, მაგრამ ოჯახთან დაკავშირების საშუალება მხოლოდ 22:00 საათზე მისცა. ამჟამად იგი თბილისშია გადმოყვანილი", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შეფასებით, ნათელია, რომ გრძელდება ხელისუფლების კამპანია მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურების მიზნით. მისი თქმით, ამ ამოცანის თაობაზე არაერთხელ განაცხადა ღიად ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და ცოტა ხნის წინ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"თუმცა, გასულ წელს არჩილ კბილაშვილმა განაცხადა პროკურატურის ახალი სტანდარტის შესახებ, რომ ე.წ. თეთრი საყელოს დანაშაულებთან (სამოხელეო და ფინანსური) დაკავშირებით პროკურატურა აღარ მოითხოვდა წინასწარ პატიმრობას - და ეს განცხადება არაერთხელ გაიმეორეს ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა. თუმცა, პროკურატურა ასეთ შემთხვევებში მაინც ითხოვს წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. ეს პრაქტიკაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა დანაშაულზე რეაგირება, არამედ პოლიტიკური დევნა. შედარებისთვის, საგარეჯოს გამგებელს, რომელიც პარლამენტის მაჟორიტარის თინა ხიდაშელის პროტეჟეა, ედავებოდნენ რაიონის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარის გაფლანგვას, მას პროკურატურამ ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გაუკეთა განრიდება და თანამდებობაზეც აღადგინეს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და აღნიშნა, რომ ძალაში რჩება ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრის თაობაზე. 

"იმის მიუხედავად, რომ მან საამისოდ მზაობა განაცხადა 14 თებერვალს, მას შემდეგ იუსტიციის მინისტრს, როგორც უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელს, რაიმე განმარტება აღარ გაუკეთებია", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ანაკლიაში მდებარე სასტუმრო ოქროს საწმისის დირექტორი გიორგი წურწუმია გუშინ დააკავეს. გამოძიება 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას გულისხმობს. გვიან ღამით წურწუმია მოდულის შენობაში გადმოიყვანეს. 

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ბრალდებით დააკავა. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე აიყვანა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლების დაკავებასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვს. პარტიის ლიდერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციების წევრებზე ზეწოლა დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიციას სურს მიიღოს ინფორმაცია თეა წულუკიანისგან, თუ რატომ აკავებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

კომენტარები