არეულობა უკრაინაში

საპატრიარქო: დაპირისპირებულმა მხარეებმა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგან

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით, კიევში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად არამყარია მშვიდობა მსოფლიოში. უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"ეს მოვლენები რომ რეალური დიდი საფრთხის შემცველია, ყველასთვის ნათელია, რადგან ევრომაიდანზე უკვე ამდენი მსხვერპლი და დაზარალებულია. ჩვენ გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქის ზურაბ ხურციას ოჯახს და აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის. ამასთან მიგვაჩნია, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა შემხვედრი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგან, რომ მოვლენები ყველასათვის კიდევ უფრო დრამატულად არ განვითარდეს. უკრაინასთან საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს; ამიტომ, ბუნებრივია, დიდად განვიცდით მომხდარს და შევთხოვთ უფალს, კეთილგონიერებამ და სამართლიანობამ გაიმარჯვოს და მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყანაში", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, 18-19 თებერვლის არეულობის შედეგად, უკრაინაში 25 ადამიანია დაღუპული, მათ შორის, 9 პოლიციელი. სამართალდამცავების გარდა, მძიმედ არიან დაშავებული ევრომაიდნის აქტივისტები.

18-19 თებერვალი უკრაინაში აღმოჩნდა ყველაზე სისხლიანი დღეები 3-თვიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში. 20 თებერვალი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ანდრეი კლუევის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანიც ოპოზიციასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების ორგანიზებაა.

მასობრივი არეულობა კიევში 18 თებერვლის დილას მაშინ დაიწყო, როცა უკრაინის პარლამენტმა ოპოზიციას უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტის რეგისტრაციასა და ყოველგვარ განხილვაზე, რის შემდეგაც რადას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს სასესიო დარბაზის ტრიბუნა და მოახდინეს მისი ბლოკირება. ამის პარალელურად, ევრომაიდნის აქტივისტები დაიძრნენ რადას შენობისკენ საპროტესტო აქციის გასამართად. მათ გზა ბერკუტმა გადაუღობა. ოპოზიციონერი აქტივისტები სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, საპასუხოდ სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიები, ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი.

სამართალდამცავებისა და ოპოზიციონერების ინფორმაციით, დაღუპულთა ნაწილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს. დაღუპულებს შორის 1 საქართველოს მოქალაქეა, 1 - "ვესტის" ჟურნალისტი.

უკრაინაში საპროტესტო აქციები 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე რუსეთის ზეწოლის შედეგად უარი თქვა.

კომენტარები