შეტაკებები უკრაინაში

ობამამ უკრაინასა და სირიაში მიმდინარე მოვლენებში პირადად პუტინი დაადანაშაულა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მექსიკაში ვიზიტისას პრესკონფერენცია გამართა და მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის გავლენა სირიისა და უკრაინის მოვლენებში. მან ორივე ქვეყანაში ძირითადი თავისუფლებების უპატივცემულობაში პირადად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.

"ამ სიტუაციაში ერთი ქვეყანა რუსეთის სატელიტ სახელმწიფოს წარმოადგენს, მეორის ხელისუფლებაზე კი რუსეთი გავლენას ახდენს. ამ ქვეყნების მცხოვრებლებს კი თავიანთი ქვეყნების მომავალი სულ სხვანაირად წარმოუდგენიათ.

უკრაინელები და სირიელები აცნობიერებენ თავიანთ ძირითად თავისუფლებებს - ესაა გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები - ეს ის ფუნდამენტური უფლებებია, რომლებიც ყველას სურს ჰქონდეს.

ჩვენ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მხარესთან. იანუკოვიჩსა და უკრაინის მთავრობას ხაზგასმით ვეტყვით, რომ მათი უპირველესი მოვალეობაა იმ საზარელი ძალდობის აღკვეთა, რაც კიევში ვნახეთ. მათ უნდა გაიყვანონ სამართალდამცველები ქუჩებიდან, ითანამშრომლონ ოპოზიციასთან, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და ადამიანის ღირსება.

პუტინს სრულიად სხვაგვარი ხედვა აქვს ძირითად თავისუფლებებზე და ვფიქრობ, ეს საიდუმლო არ არის. ჩვენი მიზანი არ არის, განვიხილოთ ეს მოვლენები ცივი ომის ჭადრაკის დაფად, სადაც რუსეთს ვეჯიბრებით. ჩვენი მიზანია, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხი თავად იღებს გადაწყვეტილებებს თავისი მომავლის შესახებ. ჩვენი მიზანია დაგარწმუნოთ, რომ სირიის მოსახლეობას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება ბომბების გარეშე.

ვიმედოვნებ, რუსეთი მიხვდება, რომ იგივე ღირებულებები და ინტერესები უნდა ჰქონდეს. ახლა ჩვენ ძალიან ძლიერი უთანხმოებები გვაქვს", - თქვა ობამამ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები