„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები

საჯარო მოხელეების საკითხი შესაძლოა კონსტიტუციური დავის საგანი გახდეს

სამსახურში განუსაზღვრელი ვადით მიღებული მოხელეები, რომელთაც დასაქმების განუსაზღვრელი ვადის შესახებ ლეგიტიმური მოლოდინი ჰქონდათ, ახსნა-განმარტების და, რაც მთავარია, გასაჩივრების საშუალების გარეშე გათავისუფლდებიან, - ნათქვამია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, გათავისუფლებული პირები შესაბამისი პოზიციის კონკურსის წესით შევსებამდე, მოვალეობის შემსრულებლებად დარჩებიან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტმა მხედველობაში არ მიიღო არა მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები, არამედ საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით გარანტირებული უფლებები.

ომბუდსმენის აზრით, აღნიშნული რეგულაცია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ უფლებებს ცალსახად უგულებელყოფს: კონსტიტუცია მოქალაქეებს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას აძლევს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად კი, ეს უფლება მოქალაქეებს  არა მხოლოდ სამსახურში მიღებისა და მუშაობისას, არამედ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროსაც იცავს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თუკი პარლამენტი სადავო ნორმის შესახებ ზომებს არ მიიღებს, ნორმა კონსტიტუციური დავის საგანი გახდება.

პარლამენტმა 5 თებერვალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 134მუხლის სახით დამატება შეიტანა. ამ მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოების 2014 წლის არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად გამოცხადდება. ისინი უფლებამოსილებას შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე განახორციელებენ, რაც არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

კომენტარები