საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერმა კოლუმბიის უნივერსიტეტში საქართველოში ლგბტ პირთა უფლებებზე ისაუბრა

Reuters

პრემიერმა ღარიბაშვილმა კოლუმბიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა. კოლუმბიის უნივერსიტეტის ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის კურსდამთავრებულმა, ანჯელა უილერმა ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვა საქართველოში ლგბტ უფლებების დაცვის შესახებ დაუსვა:

”გასულ წელს თბილისში ვიყავი. სამწუხაროდ, მომსწრე გავხდი ძალადობრივი შეტაკების, რომელიც ჰომოფობიისა და დასავლური განწყობის წინააღმდეგ იყო მიმართული. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოში დასავლური იდეალებისკენ ყველა არ იხრება. განსაკუთრებით, ამას არ იზიარებს ქართული ეკლესია, რომელსაც მოსახლოების დაახლოებით 80% ემხრობა. თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენმა ხელისუფლებამ შეიმუშავა ადამიანის უფლებების სტრატეგია, რომელიც უმცირესობების უფლებებზეა დამყარებული. მაინტერესებს, ეს სტრატეგია გამოეხმაურება თუ არა ლგბტ ჯგუფების უფლებებს?” - ჰკითხეს პრემიერს.

ღარიბაშვილმა უილერის შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

”ადამიანის უფლებების სტრატეგიასთან ერთად, ვაპირებთ ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღებას. ის პარლამენტს მისაღებად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. ამიტომ, ვფიქრობ, ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება. მსგავსი რამ ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. გვესმის, რომ ამაზე მუშაობა გვჭირდება. მსოფლიოს არცერთი ქვეყანაა სრულყოფილი. ჩვენ ამ სექტორის დახვეწა გვჭირდება და ვფიქრობ ამ მხრივ დიდი სამუშაო გავწიეთ. წინა ხელისუფლებას ეს არ გაუკეთებია. ჩვენ კი გავაკეთეთ. მინდა გითხრათ, რომ ყოველ წელს ლგბტ-ის ყოველი მსგავსი დემონსტრაციებისას, 2011-ში, 10-ში, 09-ში, ისინი გამუდმებით იდევნებოდნენ და პოლიციას მათი დაცვა არ შეეძლო. ეს კი იყო ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა და არავის დასხმიან თავს. მე პირადად ჩართული ვიყავი ამ ხალხის დაცვაში. ასე რომ, ჩვენ გვესმის, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს. შესაძლებელია, ეს პრობლემა ყველა ქვეყანაშია. თუმცა, ჩვენ მასზე ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ადამიანის უფლებებზე. ბოლოს მინდა გითხრათ, რომ საქართველო უაღრესად ტოლერანტული ქვეყანა იყო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი, თუმცა ჩვენ ტოლერანტობაში ძალიან გამოცდილი ქვეყანა ვართ”, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები