ანძის გარეგანათების გათიშვის საქმე

მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე თბილისის ხუთი რაიონის გამგებელი დაიბარეს

თბილისის ანძის გარეგანათების გათიშვის საქმესთან დაკავშირებით, დღეს მთავარ  პროკურატურაში დაკითხვაზე თბილისის ხუთი რაიონის გამგებელი დაიბარეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

დაკითხვაზე დაბარებულები არიან: ისნის გამგებელი თორნიკე ხუციშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დავით დაღელაშვილი, კრწანისის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი, გლდანის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე და დიდუბის გამგებელი ლევან მხეიძე. ისინი დაკითხვაზე  15:00 საათზე უნდა გამოცხადნენ.

ირაკლი აბესაძის შეფასებით, დაკითხვის მიზანი პოლიტიკური ზეწოლაა.

”ნათელია, რომ ამ ვითომ გამოძიებებისა და შემოწმებების მიზანი, რომელიც წინასაარჩევნო პროცესის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო და უფრო გააქტიურდა, არის კვლავ ხელების გადაგრეხა და პოლიტიკური ზეწოლა. ხოლო მიზანი კი ნათელია: საარჩევნო პროცესს ჩამოაშორონ ის ადამიანები, ვინც თავიანთი პროფესიონალიზმის თუ სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, მათ რეალურ კონკურენტებად აღიქმებიან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას”, - აღნიშნა აბესაძემ.

ამასთან, როგორც აბესაძემ განაცხადა, ამჟამად თბილისის მერიაში შესულია თბილისის ფინანსური პოლიციის მეორე სამმართველო, მესამე სამმართველო, მეოთხე სამმართველო, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო და თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია, რომელიც ერთდროულად 5 სამსახურს ამოწმებს. 

აბესაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დაშინების მცდელობის ნაცვლად, რეალური საქმე აკეთონ.

”მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნაცვლად ჩვენი დაშინებისა და პოლიტიკური ზეწოლის მცდელობისა, აკეთონ რეალური საქმე, ნუ იქნებიან ირაკლი შიხიაშვილის და უმრავლესობის ახირებების დამცველები, რაც თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას გულისხმობს, ან, სულ ცოტა, თბილისის მერიას მაინც მისცენ საქმის გაკეთების შესაძლებლობა”, - განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, 20 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ თბილისის ტელეანძაზე განათება ბიუჯეტის დამტკიცებამდე გაითიშებოდა. განათების გათიშვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ თბილისის მერია საბოტაჟში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "მსგავსი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით".

თბილისის მერიამ თბილისის სატელევიზიო ანძის გარეგანათება გათიშვიდან რამდენიმე საათში ჩართო და განცხადება გაავრცელა.

თბილისის ტელეანძაზე გარეგანათების გათიშვის გამო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები