დემოგრაფიული საკითხები

დემოგრაფიულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია იქმნება

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იმ რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და ბუნებრივი მატება არ არის, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში 200 ლარით, ხოლო ბარში 150 ლარით განისაზღვრება. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება.

როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დემოგრაფიულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია იქმნება. მათივე განმარტებით, კომისიამ დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო პროგრამა უნდა შეიმუშაოს. პრესსამსახურის ცნობით, კომისია დემოგრაფიული განვითარების ფონდთან და ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ექსპერტთან ითანამშრომლებს.

”ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი და მათთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარება გაუმჯობესდეს. პირადად ჩემთვის, როგორც პრემიერისთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, პირადად ვუხელმძღვანელებ სახელმწიფო კომისიას. მთავრობა უკვე დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება. თითოეული ოჯახი იგრძნობს სახელმწიფოს ყურადღებას და მზრუნველობას", - აცხადებს ღარიბაშვილი.

კომისიის შემადგენლობაში შევლენ ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, ასევე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მოწვეული ექსპერტები.

პრემიერმინისტრის ეს ინიციატივა 1 ივნისიდან ამოქმედდება.

 

კომენტარები