გიგი უგულავას საქმე

უგულავა: ჩემი, როგორც მამის შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩა

ტაბულა

”პროკურატურას არანაირი პასუხი არ აქვს და, სამწუხაროდ, ბლუყუნის დონეზე გაეცა პასუხი იმას, რა კავშირი აქვს ჩემს საუბარს საკუთარ არასრულწლოვან შვილთან საერთოდ რამე საქმესთან”, - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

”მივიღეთ ისეთი გაუგებარი პასუხი - თურმე, მე სამი თვეა სასამართლოს სანქციით ვარ ჩართული ჩემი ტელეფონით და ამ საუბარს სხვა საუბრებთან ერთად კავშირი აქვს საქმესთან, მაგრამ სხვა საუბრები არ არის იქ წარმოდგენილი, გარდა კიდევ უფრო გაუგებარი ჩემი მიმოწერისა ბატონ რეზო ადამიასთან.

ეს ყველაფერი ერთ ქვაბში ჩაყარეს და წარმოადგინეს. ამას ჰქვია თევზაობა - აბა, რომელი მტკიცებულება იმუშავებს, რომელი არ იმუშავებს”, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, პროკურატურამ მთელ საზოგადოებას დაანახა, რომ ყველას უსმენენ და შემდეგ ამას აკანონებენ.

”ამასობაში ფუნდამენტური რაღაცეები ირღვევა, არავითარი ფილტრაცია არ არსებობს ამასთან დაკავშირებით და შეიძლება, ბავშვთან, არასრულწლოვანთან საუბარი ასე ჩვეულებრივად გამოვარდეს საქმიდან და საჯარო გახდეს.

ჩემი, როგორც ადამიანის და როგორც მამის შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩა, რა შუაშია ჩემს შვილთან საუბარი ამ საქმესთან, მაინც ვერავინ ამიხსნა”, - აცხადებს უგულავა.

მისივე თქმით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორც უგულავა ამბობს, ”პროკურატურა, როგორც უნდა, ისე ჭრის და კერავს”.

”მეორე დეტალი, რომელზეც ასევე პასუხი არა აქვთ. შეგახსენებთ, ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 18 000 ადამიანისთვის ხელფასის გაცემას ითვალისწინებს, მერიის თანამშრომლები, 25 კაცი დაიჭირეს და შემდეგ გაათავისუფლეს. ეს დღემდე არაა გამოძიებული. დღევანდელი მოქმედი პროკურორის პირველი მოადგილე შოთაძე, მაშინდელი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი და შემდეგ პროკურორი ფარცხალაძე, ასევე ახლანდელი პროკურორის მოადგილე გაბიტაშვილი - ესენი არიან ამ უკანონო დაკავებაში ჩართულები და თავის თავს ვერ ამოიყვანენ ჭაობიდან, ამიტომ არ იძიებენ”, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენეთ, რომ თბილისის უფლებაშეჩერებული მერის და მერიის ბრალდებული მაღალჩინოსნების საქმეები გაერთიანდა და საქმეებს რუსთავის რაიონული სასამართლოს ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. 

ცნობისთვის, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე პროცესი გადაიდო. წინასასამართლო სხდომა 17 მარტს გაიმართება. 

ბრალდებულმა გიგი უგულავამ დღევანდელ პროცესზე პროკურორს ჰკითხა, თუ რა შემხებლობა აქვს საქმესთან მის შვილთან სატელეფონო საუბარს. პროკურორის განცხადებით, ჩანაწერი სანქცირებულია და მას საქმესთან შემხებლობა აქვს. პროკურორის თქმით, უგულავა შვილს ეუბნება, რომ მუშაობს, თუმცა, იმ დროს უგულავას უკვე შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება.

გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებულ საქმის მასალებზე მისი და მისი შვილის სატელეფონო ჩანაწერის დართვის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. უგულავას განცხადებით, ჩანაწერს საქმესთან შემხებლობა არ აქვს.

გიგი უგულავას 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას სწორედ ამ საქმეზე შეუჩერა თბილისის საქალაქო სასამართლომ მერის უფლებამოსილება და აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

 

კომენტარები