უსუფაშვილის შეხვედრა ბიზნესასოციაციის წევრებთან

დავით უსუფაშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. მან პარლამენტსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ჩატარებული სამუშაოები და მათ მიერ შემუშავებული 12-პუნქტიანი ეკონომიკური დეკლარაცია. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ასოციაციის კომიტეტების ანგარიშები. ანგარიშების მოსმენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

"ურთიერთობა პარლამენტსა და ბიზნესწრეებს შორის არ შემოიფარგლება და არ იქნება მხოლოდ კონკრეტულ კანონპროექტთან ან კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით. ეს არის პრაქტიკულად სრული სპექტრი იმ საკითხებისა, რომელიც ქვეყანას აღელვებს”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ წარმატებული ბიზნესმენების მოსაზრებები საინტერესოა როგორც პარლამენტისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის.

მისივე თქმით, პარლამენტი მზად არის გადავიდეს ბიზნესთან ურთიერთობის ახალ სტანდარტზე, რომელიც კანონპროექტების განხილვის პროცესში ბიზნესასოციაციის წევრების უფრო ინტენსიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს.

"მოვისმინეთ ანგარიშები საგადასახადო საკითხებზე, კერძო არბიტრაჟზე, ფასიან ქაღალდებზე, სოფლის მეურნეობის საკითხებზე, საბანკო სექტორზე. ყველა ეს თემა მოსაგვარებელია და წინ წასაწევია, რათა ქართულმა ეკონომიკამ უფრო სწრაფი ტემპებით განაგრძოს წინსვლა. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალზეც. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ერთი მხრივ საქართველოს მოუტანს მეტ შესაძლებლობას ინვესტიციებისთვის, წვდომას ევროპის ბაზარზე, მაგრამ ამავე დროს მოუტანს მეტ კონკურენციას. ამისთვის ქართველი ბიზნესმენები მზად უნდა იყვნენ. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ბიზნეს საზოგადოება ჩართული იქნება, რომ მათი რეკომენდაციებიც გავითვალისწინოთ და მათაც ჰქონდეთ დროული ინფორმაცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, ბიზნესასოციაციის მიერ მომზადებულ ეკონომიკურ დეკლარაციაშიც ჩამოთვლილია ის პრინციპები, რომელიც ორგანიზაციის მოსაზრებით, უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელო პრინციპებად ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში. "შესაძლოა, ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს დეკლარაცია შემდგომი მუშაობის შედეგად იქცეს პარლამენტსა და ბიზნესასოციაციას შორის ურთიერთობის საფუძვლადაც", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბიზნესასოციაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული. 

კომენტარები