2008 წლის აგვისტოს ომი

გოგა ხაჩიძე: ქვეყნიდან ომის დროს არცერთი მაღალჩინოსანი არ გაქცეულა

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვეყანა არცერთ მაღალჩინოსანს არ დაუტოვებია. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, მათ დეტალურად შეისწავლეს დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომელშიც არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების სია, რომლებმაც ომის დროს საზღვარი გადაკვეთეს.  

”ამ კომისიის დასკვნით ძალიან კონკრეტულად დასტურდება, რომ არცერთი მაღალი თანამდებობის პირი ქვეყნიდან არ გასულა, პირიქით, საომარი ვითარების დაძაბვისთანავე  ქვეყანაში დაბრუნდნენ.

გუშინ ჩემმა რამოდენიმე კოლეგამ, მათ შორის ერთ-ერთია გიორგი მელაძე, რომელიც იმ სიაში არის ნახსენები, რომელსაც აქტიურად ავრცელებენ ხელისუფლების მხარდამჭერები, მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, 1997 წლიდან დღემდე ნებისმიერი მოქალაქის მიერ საზღვრის გადაკვეთა და გადმოკვეთა არის დაფიქსირებული.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არ არსებობს არცერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატოვა ქვეყანა”, - აცხადებს გოგა ხაჩიძე.

დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხზე ჭორაობა დაასრულონ და კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელონ.

”მე მინდა მივმართო დღევანდელ ხელისუფლებას, დაასახელეთ კონკრეტული სახელი და გვარი. დაასრულეთ ჭორაობა, დაასრულეთ ტყუილის მოხვევა საზოგადოების თავზე. თქვენ თუ არ შეგწევთ იმის უნარი, რომ ელემენტარული პროცედურები გაიაროთ და მიიღოთ დოკუმენტი ამა თუ იმ პიროვნების შესახებ, ჩვენ გავაკეთებთ ამას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამობრძანდით და ბოდიში მოიხადეთ იმ მრავალწლიანი ტყუილის გამო, რომელსაც ასე აქტიურად ახვევდით და დღესაც ცდილობთ თავზე მოახვიოთ საზოგადოებას. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არცერთი მაღალი თანამდებობის პირი ქვეყნიდან არ გაქცეულა. ყველა იყო ადგილზე და ასრულებდა თავის საქმეს.

სიასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს არის სია, რომელიც სათავეს იღებს კვირის პალიტრის სტატიიდან, ამ სტატიაში მითითებულია, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა სია. როგორც მე პირველწყაროსთან, ჟურნალისტთან, ვინც ეს სტატია მოამზადა, ამ დღეების განმავლობაში გადავამოწმე, ის ამბობს, რომ ამ სიის შესახებ მან ინფორმაცია დააზუსტა უკვე გადამდგარი ბადრი ბიწაძის უკვე გადამდგარ მოადგილესთან სიტყვიერად და ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტების გარეშე ეს სია დღემდე მოძრაობს. ამ სიით ხდება გარკვეული მანიპულირება, რომ ვინმე გაიქცა ქვეყნიდან", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

კომენტარები