უვიზო მიმოსვლა ისრაელთან

საგარეო უწყება ისრაელში გამგზავრების მსურველებისთვის განმარტებას აკეთებს

ისრაელთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში ტურისტული ან კერძო ვიზიტით მიემგზავრებიან, ქვეყანაში უვიზოდ შესვლა და იქ 90 დღემდე ყოფნა 180-დღიან პერიოდში შეუძლიათ.

მგზავრობისათვის აუცილებელია, რომ პირმა უკან დასაბრუნებელი ბილეთი და მოქმედი პასპორტი იქონიოს, რომლის მოქმედების ვადა შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს უნდა აღემატებოდეს.

„გარდა ამისა, მგზავრებს ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე ჯანმრთელობის დაზღვევის, სასტუმროს ჯავშნის და ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება შეიძლება მოეთხოვოთ",  -ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ისრაელში უვიზოდ შესვლის ნებართვა მუშაობის უფლებას არ იძლევა.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. 

 

კომენტარები