როლანდ ახალაიას საქმე

პროკურატურა პარლამენტს ახალიასთვის ბრალის წასაყენებლად თანხმობას სთხოვს

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წინადადებით მიმართა პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. უწყების ცნობით, "საქმე ეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, მის მიერ ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს".

გამოძიების ვერსიით, 2009 წლის დეკემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია შეხვდა მოქალაქე მარინა ესებუას, რომელსაც მის მეუღლესთან, მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვა, ქველმოქმედების მიზნით, "არარსებული ანაკლიის განვითარების ფონდის ანგარიშზე ჩაერიცხა 150 000 ლარი. პროკურატურის განცხადებით, ახალაიამ ესებუას გადასცა საბანკო რეკვიზიტები, რომელიც რეალურად წარმოადგენდა მისი ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია „სანის“ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

"მარინა ესებუა იძულებული იყო დათანხმებულიყო შემოთავაზებულ პირობას. მან მეორე დღეს, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, 150 000 ლარი შეიტანა როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს "სანის" საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად გაიხარჯა ხსენებული ფირმის კომერციული მიზნებისათვის. ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოსთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი შეეტანათ კვლავ მისი ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას ფირმის შპს „სანის“ ანგარიშზე. ბრალდებულებთან დაახლოებულმა პირმა აღნიშნული თანხა 2009 წლის 25 დეკემბერს ჩარიცხა", - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ როლანდ ახალაიას მიერ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და მას ბრალდება ამ მუხლის შესაბამისად უნდა წარედგინოს.

"განვმარტავთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს თანხმობის მიცემის საჭიროებას საქართველოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება. მიუხედავად ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, თუ საქართველოს პარლამენტმა თანხმობა არ მისცა საქართველოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე. აქედან გამომდინარე, მთავარმა პროკურატურამ პროცესუალური ნორმების დაცვით წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის წევრის როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. პროკურატურა დაელოდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და თანხმობის მიღების შემთხვევაში როლანდ ახალაიას მიმართ დაიწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები