რეფერენდუმი ყირიმში

ბაქრაძე: ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმს არანაირი ლეგიტიმური ძალა არ აქვს

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმს ეხმაურება. მისი თქმით, ამ რეფერენდუმს არანაირი ლეგიტიმური ძალა არ აქვს.

„დარწმუნებული ვარ ის არ იქნება აღიარებული, არცერთი ქვეყნის მხრიდან, ისე როგორც არცერთი ნორმალური ქვეყნის მხრიდან  აღიარებული არ არის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. როგორც დღეს ახდენს რუსეთი ყირიმის ანექსიას, ზუსტად ანალოგიური მექანიზმების გამოყენებით  მან მოახდინა საქართველოში  აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსია. ნებისმიერი სანქცია, რომელსაც დასავლეთი  რუსეთს დაადებს, ყირიმთან და უკრაინასთან ერთად  საქართველოზე  და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც უნდა საუბრობდეს“,-აცხადებს ბაქრაძე. 

ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეფერენდუმი მიმდინარეობს. მოსახლეობამ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი უნდა გადაწყვიტოს. რეფერენდუმი  კიევის დროით  08:00 სააათზე დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი 12 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

რეფერენდუმი ორ კითხვას ითვალისწინებს: 1. უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტად? 2. უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?
უკრაინის ხელისუფლება ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმს  არ აღიარებს. 

კომენტარები