აგრარული უნივერსიტეტის რექტორს ლაშა გოცირიძეს პროკურატურაში კითხავენ. საქმე უნივერსიტეტის პრივატიზებისას დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ეხება. გოცირიძის განცხადებით, თავდაპირველად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იყო დაბარებული, თუმცა, შემდეგ, დაკითხვის დრო და ადგილი შეიცვალა.
როგორც დაკითხვაზე შესვლამდე გოცირიძემ თქვა, ყველა ის ვარაუდი, რომ გასულ წელს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება პოლიტიკური პროცესი იყო, დადასტურდა.
"ჩვენ შესახებ ყველა ნაბიჯზე ხდება უსაფუძვლო შემოწმებები, დაბარებები. ჩვენი თანამშრომლები დაიბარეს დაკითხვაზე. ცალსახად პოლიტიკური პროცესია და, როგორც ჩანს, რეალური სამიზნე კახა ბენდუქიძეა", - თქვა გოცირიძემ.
ადვოკატ ოთარ კახიძის თქმით კი, დაკითხვას ფორმალური ხასიათი აქვს.
"ყველა ინფორმაცია, როგორ მოხდა პრივატიზაცია, რამდენი მილიონი ჩაიდო, როდესაც ინვესტიციები განხორციელდა და გაჩანაგებული სასოფლო გადაიქცა თანამედროვე აგრარულ უნივერსიტეტად, დოკუმენტურად დევს საქმეში. მათ აქვთ ეს ინფორმაცია და ამოიღეს ყველა დოკუმენტი. გასაგებია, რომ ეს არის ზეწოლის გაგრძელება", - აღნიშნა კახიძემ.
გამოძიებამ აგრარული უნივერსიტეტიდან ფინანსური და სამეურნეო დოკუმენტაცია უკვე წაიღო.
რექტორის მხარდასაჭერად პროკურატურასთან აგრარული უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები შეიკრიბნენ. ისინიც საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 12 მარტს, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა. გადაწყვეტილება საბჭომ ღია კენჭისყრის შედეგად მიიღო. კენჭისყრამდე კი საბჭოს წევრები, რომელიც პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 8 თებერვალს დანიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე, დაახლოებით 10 საათის განმავლობაში განიხილავდნენ განათლების ხარისხის ცენტრის მიერ მომზადებულ 80-გვერდიან დასკვნას. ავტორიზაციის საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც.
საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია რამდენიმე მიზეზით გაუუქმა. კერძოდ, უხეშ დარღვევად ჩაითვალა ის, რომ სასწავლო სილაბუსებში მითითებული ლიტერატურიდან ყველა წიგნი არ იყო ბიბლიოთეკაში ან ზოგ წიგნზე არ იყო გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები.
ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტმა კონკურსი გამოაცხადა ერთ ვაკანსიაზე, თუმცა აიყვანა ორი ლექტორი, რადგან ორივე კანდიდატი მოეწონა კომისიას. ავტორიზაციის საბჭოს აზრით, ამით დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი.
აგრარულ უნივერსიტეტს ასევე შეედავნენ იმაში, რომ მან სომხეთში მიღებული განათლება და მიღებული კრედიტები შესაბამისად ჩაუთვალა ორ სტუდენტს და სწავლის დასრულების შემდგომ, გასცა ბაკალავრის დიპლომები. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას კი ახდენს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი.
ავტორიზაციის გაუქმებას სტუდენტებისა და საზოგადოების საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 26 მარტს აღუდგინეს. საბჭომ უნივერსიტეტის მოთხოვნა გაითვალისწინა და აკრედიტაცია წყვეტის გარეშე, 25-ივე პროგრამაზე აღადგინა.
ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილების მოტივად დაასახელეს მაღალი საჯარო ინტერესი იმ აგრარული სპეციალობების მიმართ, რომელთა სწავლება სხვა უმაღლეს დაწესებულებებში არ მიმდინარეობს.
საბჭოს წევრებმა დასძინეს, რომ აგრარულ უნივერსიტეტში დარჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია აგრარულ უნივერსიტეტში მონიტორინგი განახორციელოს.