უკრაინის კრიზისი

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტი განსახილველად მიიღო

აშშ-ის სენატმა მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტის განხილვის დაწყების შესახებ, რომელიც უკრაინის მიმართ ეკონომიკურ დახმარებას და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილებას ხმა 78 სენატორმა მისცა, 17-ის წინააღმდეგ.

დოკუმენტი, რომელიც პირველი მოსმენით დამტკიცდა, უკრაინისათვის ერთი მილიარდი დოლარის ფინანსური გარანტიების მიცემას, 150 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას და რუსულ აგრესიაზე პასუხისმგებელი რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა თავის გამოსვლაში აშშ-ის ადმინისტრაციას უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევისკენ მოუწოდა. „ისინი შეერთებული შტატების დახმარებას ელოდებიან და ამ მხრივ ძლიერი სიგნალი იქნება კონგრესის გადაწყვეტილება, რომელიც მათ დაარწმუნებს, რომ ჩვენ თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ძმების და დების მხარდაჭერას ვაპირებთ", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

კომენტარები