ჟურნალისტური ეთიკის საბჭო

ქარტიის საბჭო "ტაბულას" ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე განცხადებას ავრცელებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გამოეხმაურა "ტაბულას" ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს. ქარტიის საბჭოს განცხადებით, დაუშვებელია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს შეისწავლონ ვიდეომასალა და მოახდინონ რეაგირება. 

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება 24 მარტს, “კინოს სახლში” მომხდარ ინციდენტს, რომელიც “ევრაზიის ინსტიტუტის” მიერ ნატოს საწინააღმდეგო ფილმის ჩვენებას მოჰყვა და რომლის დროსაც ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტის მიმართ კინოს სახლში შეხვედრაზე მყოფი რამდენიმე ადამიანის დამოკიდებულება ჩანს ვიდეომასალაში, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტს ხელს კრავენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს არაერთხელ გაუვრცელებია მსგავსი განცხადება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცველ სტრუქტურებს, შეასრულონ კანონით დაკისრებული მოვალეობა, შეისწავლონ ვიდეომასალა და მოახდინონ რეაგირება ინციდენტზე", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები