მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: ივანიშვილმა მითხრა, რომ თუ ხმას არ ჩავიკმენდდი, დამიჭერდნენ

mikheil saakashvili official/facebook.com

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ უთხრა, რომ ხმას თუ არ ჩაიკმენდდა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ. ამის შესახებ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში თქვა.

"ივანიშვილმა გაბედა და სახეში მითხრა რამდენჯერმე ჩემი მასთან დაკონტაქტების დროს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რომ თუ არ ჩავიკმენდდი ხმას, როგორც თვითონ ამბობდა, გავაგრძელებდი მენტალურ ძალადობას ქართველ ხალხზე, შევეცდებოდი, რომ ქართველი ხალხი შემდგომში მეცხოვრებინა სიცრუით, მას ვციტირებ, ჩემს წინააღმდეგ აღძრავდნენ სისხლის სამართლის საქმეს. ერთი სიტყვით, თუ ხმას არ ჩავიკმიტავდი, აუცილებლად დამიჭერდნენ", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბოლო კვირებსა და თვეებში მას არაფერი უთქვამს ივანიშვილზე, მაგრამ ძალიან აქტიურად ლაპარაკობდა პუტინსა და რუსეთზე.

"ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ხმა უნდა ჩავიკმინდო არა მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ პუტინზეც აღარ დავძრა სიტყვა. ასე რომ, პოლიტიკური სარჩული აქ ყველასთვის გასაგებია. ყველასთვის გასაგებია, რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი სამართალდამცავი სისტემა და სწორედ ამიტომ არაფერი გასაკვირი არ არის, რომ ევროკავშირი, ამერიკის მთავრობა, ყველა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი, იმას, რაც ხდება საქართველოში, უკვე კარგა ხანია ეძახის შერჩევით სამართალს ან საერთოდ უსამართლობას", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მოქმედმა პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ "თუ სააკაშვილი არ გამოცხადდება მოწმის სტატუსით, ჩვენ მას საერთაშორისო ძებნაში გამოვაცხადებთ". სააკაშვილის თქმით, თუ მოწმე დაკითხვაზე არ მიდის, სამართლებრივი პროცედურა არანაირ დაუყოვნებლივ ზომას არ ითვალისწინებს.

"იქ არის ბევრი სხვადასხვა ალტერნატივა, ამ დროს რა ხდება... მაგრამ ეტყობა კანონები არა მხოლოდ არ წაუკითხავთ, არც უნდათ წაიკითხონ", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები