შალვა თათუხაშვილის საქმე

ანი ნადარეიშვილმა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა

news.ge

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ნადარეიშვილს საგამოძიებო უწყებასთან პროკურორების დავით ძნელაშვილისა და გურგენ გილაურის შესახებ უნდა ესაუბრა. მისი თქმით, მოწმე შალვა თათუხაშვილს კონსპირაციულ ბინაში 10 დღის განმავლობაში სწორედ ძნელაშვილი და გილაური აწამებდნენ. ნადარეიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს და აცხადებს, რომ მზადაა გამოძიებას მოწმის სახით ჩვენება მისცეს. 

”ახსნა-განმარტებას მთხოვდნენ, არ მივეცი, იმიტომ რომ გუშინაც განვაცხადე და დღესაც ვაცხადებ, ამ ცირკში მონაწილეობას არ ვიღებ. ადამიანი გარდაიცვალა, ლაპარაკია ამ ადამიანის წამებაზე, მუქარაზე, გამომძიებლებმა ძნელაშვილმა და გილაურმა მიიყვანეს ეს ადამიანი ამ დონემდე. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას, იქაც დავაფიქსირე, რომ ვითხოვ გამოძიებას. მზად ვარ მოწმის სახით დავიკითხო და მივცე ინფორმაცია”, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი შალვა თათუხაშვილი 2014 წლის 24 თებერვალს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა. იგი მოწმის სახით დაიკითხა 18 მარტსაც. მას შემდეგ თათუხაშვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყო, 2 დღის წინ კი მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ იგი უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა. ადვოკატი და ოჯახის წევრები პროკურატურას დათა ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემისთვის შალვა თათუხაშვილის წამებაში ადანაშაულებენ და მის გარდაცვალებას სწორედ ამით ხსნიან. ამის შესახებ შალვა თათუხაშვილის მამა, გოგი თათუხაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზეც წერს.

”მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ ჩემი შვილი არის მძიმე ავადმყოფი, პროკურატურას ხანგრძლივად ჰყავდა გატაცებული და აგრძელებდა ზეწოლას, წამებას, რამაც ის სიკვდილამდე მიიყვანა. (24 მარტს გაუჩერდა გული) პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ მთავრობას”, - წერს გოგი თათუხაშვილი.

პროკურატურაში ბრალდებებს უარყოფენ. უწყებაში აცხადებენ, რომ თათუხაშვილი დაკითხვის შემდეგ სახლში იმყოფებოდა და იგი არავის გაუტაცია.

 

 

კომენტარები