ლევან ბობოხიძის დაკავება

პროკურატურა ლევან ბობოხიძეს ქონების გაფლანგვას და თაღლითობას ედავება

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და თაღლითობის ორგანიზების ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ლევან ბობოხიძემ, მისი ახლობლის ნიკოლოზ კირთაძისათვის მატერიალური სარგებლის მისაღებად, დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ყალბი დოკუმენტებით სამასალე და საშეშე მერქნის გაფლანგვას.

კერძოდ, პროკურატურის განცხადებით, 2010 წელს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ჯიბუხაიამ და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძემ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამასალე და საშეშე მერქანი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დადგენილების თანახმად სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა გადაეცათ, უსასყიდლოდ გადასცეს ნიკოლოზ კირთძეს. ამ უკანასკნელმა კი, მიღებული მერქანი ცალკეული მოქალაქეების სახელზე შედგენილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩააბარა ხის გადამამუშავებელ საამქროებს.

"საამქროების ხელმძღვანელებმა ლევან ბობოხიძის დავალებით, მიღებული მერქნის საბაზრო ღირებულების თანხა ნიკოლოზ კირთაძეს გადასცეს.
აღნიშნული ქმედებით გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით - 93,299 მ3, 12 580,69 ლარად ღირებულების ქონება, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი.  გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ ლევან ბობოხიძე 2006 წლიდან 2012 წლის შემოდგომამდე, ხონის მუნიციპალიტეტის უკლებლივ ყველა თანამშრომლისგან, პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საწევროს სახით, ყოველთვიურად სახელფასო განაკვეთის 10%-ს კრეფდა, რომელიც თითქოსდა უნდა მოხმარებოდა ხონში მცხოვრებ ამავე პარტიის დაუსაქმებელ აქტივისტებსა და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას, რეალურად კი თანხას ლევან ბობოხიძე განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ.
ამდენად ლევან ბობოხიძე თაღლითურად დაეუფლა ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, რითაც არსებითად შეილახა ზემოხსენებულ პირთა კანონიერი ინტერესი" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და"ბ" და მეოთხე ნაწილის "ა" ქ/პ, 25, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 25, 341-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით 7 -დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები