უკრაინის კრიზისი

სააკაშვილი: მაიდნის შედეგად უკრაინა გახდა ევროპის ცენტრი

მიხეილ სააკაშვილი კიევში გამართულ, პარტია ”ბატკივშჩინას” მხარდამჭერ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა. სააკაშვილის თქმით, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, იულია ტიმოშენკო მისი მეგობარია, თუმცა ის მხარს უჭერს ყველა პატრიოტულ პარტიას უკრაინაში.

"დამყრობელი მართლაც ძალიან მრავალრიცხოვანი და ძლიერია, მაგრამ უკრაინა დიადია. დამპყრობელს ურიცხვი არმია ჰყავს, მაგრამ მთავარი, რაც არ აქვს ეს არის თავისუფლების სული. ის აქ შემოვიდა თავისუფლების წინააღმდეგ, თუმცა თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს. ერს, რომელსაც საკუთარი თავის სჯერა, ყოველთვის გაიმარჯვებს. ის, რაც არასდროს ესმოდა ვლადიმერ პუტინს, მაიდანის სულია. დღეს უკრაინას, როგორც არასდროს, მაიდანის სულისკვეთება სჭირდება. ეს არის ის, როდესაც ხალხი პოლიტიკაზე მაღლა, აგრესორზე მაღლა დგას, მიდის წინ და იმარჯვებს", - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რატომ არის ის უკრაინაში.

"მეუბნებიან, შენ გაქვს შენი საკუთარი ქვეყანა, გაქვს საკუთარი პრობლემები. რატომ გინდა გახდე უკრაინის მოვლენების ნაწილი? მე ნამდვილად მჯერა, რომ უკრაინის საქმე უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ. უკრაინელები გამბედავი ხალხია, რომელსაც არავინ არ უნდა უკარნახოს, როგორ იცხოვროს და იარსებობს. მაიდანი გახდა კიევის ცენტრი, კიევი ყოველთვის იყო უკრაინის ცენტრი, თუმცა, მაიდნის შედეგად უკრაინა გახდა ევროპის ცენტრი. კიევში ბრძოლა საარჩევნო კამპანიისთვის ან რაიმე თანამდებობისთვის კი არ მიმდინარეობს, არამედ – თავისუფლებისთვის და ყველა ჩვენგანის მომავლისთვის. ამიტომ, მე პირდაპირ მინდა გითხრათ - არც მე და არც არავის არ აქვს უფლება გადაწყვიტოს ვის აირჩევს უკრაინა. მე ყველა სერიოზულ პატრიოტულ პატიაში მყავს მეგობრები. დიდი ხანია ვმეგობრობ იულია ტიმოშენკოსთან. ის ჩემი ქვეყნის დიდი მეგობარია. ის ბოლო წლებში უსამართლობის მსხვერპლი იყო. როდესაც გამოვიდა ციხიდან, შევხვდი მას და მითხრა, რომ ზუსტად იცის რა არის უსამართლობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის უსამართლობა", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები