საქართველოს სასამართლოები

სასამართლოების გამამართლებელი განაჩენები 2013 წელს 58.9%-ით შემცირდა

საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2013 წელს გასულ წელთან შედარებით, 58.9%-ით შემცირდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2013 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სულ 1 813 საქმე განიხილეს, რომელშიც 2 206 პირი იყო ბრალდებული. მათგან 37 საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა 70 პირთან მიმართებით, ხოლო ნაწილობრივ გამართლდა 42 საქმეზე ბრალდებული 50 პირი. გამამართლებელი განაჩენი 2013 წელს არსებითად განხილული საქმეების 2%-ს არ აჭარბებს, მაშინ როცა, 2012 წელს, გამამართლებელი განაჩენით დასრულდა არსებითად განხილული საქმეების 7.8%. 2012 წელს არსებითად განხილულ 1149 საქმეზე, სადაც ბრალდებული იყო 1406 ადამიანი, სასამართლოებმა 90 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს 117 პირთან მიმართებით. ჯამში, 2013 წელს, საქართველოს სასამართლოებმა 2012-თან შედარებით, 53 საქმით ნაკლებზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რაც 58.9%-იანი სხვაობაა.

რაც შეეხება ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენს, 2013 წელს ეს შედეგი ორჯერ მეტი დადგა, ვიდრე 2012 წელს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2013 წელს ნაწილობრივ გამართლდა 42 საქმეზე ბრალდებული 50 პირი, ხოლო 2012 წელს - 14 საქმეზე.

ამასთან, 2013 წელს, სასამართლო განხილვისას 5.6-ჯერ მეტი საქმე შეწყდა, ვიდრე წინა წელს. 2013 წელს შეწყდა 357 საქმე, რაც არსებითად განხილული საქმეების 19.7%-ს შეადგენს, ხოლო 2012 წელს - 54 საქმის განხილვა შეწყდა, რაც არსებითად განხილული საქმეების საერთო რაოდენობის 4.7%-ია.

აღსანიშნავია, რომ გამამართლებელი განაჩენის კლების პარალელურად, 2013 წელს გაიზარდა სასამართლის მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობა. უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 2013 წელს წინა წელთან შედარებით, 51.3%-თ მეტი საქმე განიხილეს. კერძოდ, 2013 წელს სასამართლოებმა განიხილეს 13 794 საქმე (15 901 პირი), ხოლო 2012 წელს - 9 120 საქმე (11211 პირი). განხილული საქმეებიდან 2013 წელს სასამართლოებმა განაჩენი გამოიტანეს 13 314 საქმეზე, რაც წინა წლის მონაცემზე 48.1%-ით (4 197 საქმე) მეტია.

ამის გარდა, სასამართლოებმა საპროცესო შეთანხმება დაამტკიცეს 11 858 საქმეზე, რაც გამოტანილი განაჩენის საერთო რაოდენობის 89.1%-ია. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 87.8% (7897 საქმე) იყო. 

კომენტარები