ტუვალუს გადაწყვეტილება

ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან წაიღო

„ტუვალუს ხელისუფლება სრულად ცნობს საქართველოს საერთაშორისო საზღვრებს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ  მთლიანობას და სუვერენიტეტს, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მოიცავს“, - განაცხადა ტუვალუს გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომის და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ფინიკასომ და ფანჯიკიძემ საქართველოსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  

შეხვედრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების პატივისცემას დაემყარება.

„აღნიშნული ფაქტი 2011 წლის გადაწყვეტილებაზე უარის თქმის შესახებ, ტუვალუს ახალი მთავრობის მკაფიო განზრახვას ცხადყოფს. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ცალსახა დადასტურებაა. დღევანდელი დღე მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალადობრივი თუ სხვა უკანონო გზით ხელყოფა, მხოლოდ დროებითი მოვლენაა. საქართველო ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას მიესალმება. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტუვალუს ეს გადაწყვეტილება იმ სახელმწიფოებისთვის მაგალითი გახდება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ“, - ამბობს მაია ფანჯიკიძე.

ვიზიტის ფარგლებში ტუვალუს დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება. ამასთან, დელეგაციის წევრები საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნობიან და ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობები აცხადებდნენ, რომ ტუვალუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას ხელი 2011 წლის სექტემბერში მოაწერა. 

კომენტარები