მოსამართლეების მივლინების წესი

კუბლაშვილი: ვშიშობ, მივლინების პროექტმა ხელი არ შეუშალოს მოსამართლეებს

frontnews.ge

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მოსამართლეთა მივლინების წესის გადახედვას გულისხმობს.

კუბლაშვილი შიშობს, რომ აღნიშნული პროექტი, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სხვა პროექტების მსგავსად, არ აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც ხელს შეუშლის მოსამართლეებს ფუნქციების კარგად შესრულებაში.

"ვშიშობ, რომ ისევე, როგორც ყველა სხვა პროექტი, რომელიც მომზადებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, ეს პროექტიც არ აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის მოსამართლეებს თავიანთი ფუნქციების კარგად განხორციელებაში, შესრულებაში, რადგან, ყველა სხვა პროექტი, რომელიც მათ წარმოადგინეს, სწორედ ასეთი იყო. ამ პროექტებში ყველაფერი სასამართლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ასე, რომ, ვიდრე პროექტს არ ვნახავ, ბუნებრივია, მას სხვა შეფასებას ვერ მივცემ, რადგან მათ წინასწარ უკვე ასეთი ტრადიცია შექმნეს, გნებავთ, მივლინება იყოს, გნებავთ, სხვა რამ. საინტერესოა, როგორ გამოიყურება თავად ტექსტი, ეს არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოსამართლეთა მივლინების წესის გადახედვის შესახებ ისაუბრა.

"დღეს არსებობს მივლინებაში წარგზავნის წესი, რომელსაც ხელმძღვანელობა ხშირად მავნედ იყენებს და ის ურჩი მოსამართლე, რომელიც არასასურველია, გაიგზავნება, ასე ვთქვათ, გადაკარგულ რაიონში. იქ, სადაც არც ვაკანსიაა, არც საქმეების რაოდენობა, ასაბუთებს იმას, რომ იქ ახალი მოსამართლე იქნეს მივლენილი. ჩვენ კანონით შემოვიტანთ იმას, რომ თუკი რომელიმე მოსამართლე რაიონში გაიგზავნება, იქ უნდა იყოს ვაკანსია, იქ უნდა არსებობდეს საქმეთა ოდენობა, რომელიც ასაბუთებს მისი იქ გაგზავნის აცუცილებლობას და მოსამართლე უნდა იყოს თანახმა. მოსამართლეებზე ძალადობა მათი ხელმძღვანელების მხრიდან უნდა დასრულდეს"- თქვა წულუკიანმა.

კომენტარები