კობა ხაბაზის დაკითხვა

კობა ხაბაზი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სახით დაიკითხება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე თბილისის მერიის შპს-ების სამეთვალყურეო საბჭოების კანონიერებას ეხება.

დედაქალაქის მერიაში 50-მდე შპს არსებობს. მათ შორის ოთხში - ჰერმესი, სინათლის ქალაქი, თბილსერვისი და თბილისის სატრანსპორტო კომპანია, 2012 წლის 23 ოქტომბერს სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სწორედ ამ საბჭოებში მუშაობდა კობა ხაბაზი.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, საბჭოები ფორმალურია და მათში ”დაასაქმეს და მაღალი ანაზღაურება დაუნიშნეს ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მათ ახლობლებს,  რომლებსაც არც შესაბამისი კომპეტენცია და არც შესაბამისი განათლება არ გააჩნდათ კონკრეტულ სფეროებში“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კობა ხაბაზის დაკითხვა 18:00 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები