პოლიტიკური დევნილის სტატუსი

ბოკერია: ბესელია სახელმწიფოებრიობის მოწინააღმდეგეებს და მოძალადეებს ახალისებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, ვისაც ემზარ კვიციანის პოლიტიკურ დევნილად გამოცხადება სურს, სწორედ საქართველოს ხელისუფლების შიგნით არსებული მეხუთე კოლონაა. როგორც ბოკერიამ გადაცემა არჩევანში თქვა, ხელისუფლების ნაწილს პოლიტიკურ დევნილთა ახალი სიის შექმნით, ანტისახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერების სურვილი აქვს.

"ალბათ, კიდევ დარჩნენ რუსეთის ჯაშუშები და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ღიად მებრძოლი ადამიანები ან მოძალადეები უმცირესობების წინააღმდეგ, რომლებიც გამოშვებულები არ არიან და კიდევ სჭირდება წახალისება ამ ძალებს. ჩვენი ხელისუფლების შიგნით კი, არიან ამ საქმის ერთგული ადამიანები. ქალბატონი ბესელია ერთ-ერთი მებაირახტრეა. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ, ვინც შეშფოთებულია ასეთი ძალების გააქტიურებით, რომ აი, ამ საქმეს მიხედონ", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ემზარ კვიციანი არის ადამიანი, რომელმაც ღიად გამოაცხადა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ იწყებს შეიარაღებულ ბრძოლას.

"კაცი, რომლის წინააღმდეგაც არსებობდა უამრავი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანებს იტაცებდა. როგორც ვიცით, კოდორის ხეობა ცენტრი იყო მოტაცებების. ამ წარუმატებელი ამბოხების შემდეგ, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მინიმალური მსხვერპლით ჩაახშო, ის გაიქცა რუსეთის მიერ ოკუპირებული სოხუმიდან, სადაც მიეგებნენ და მერე რუსეთში იყო ტკბილად ამდენი წლის მანძილზე. და ახლა გაუჩნდა სურვილი, რომ დაბრუნდეს საქართველოში და თავისი სიმართლე ამტკიცოს. თან, ირკვევა, რომ მან შეიძლება თავისი სიმართლე ასეთი მოკლე გზით დაამტკიცოს, ისევე როგორც ეს მოხდა საქართველოს სხვა მტრების მიმართ", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ძირითადი მამოძრავებელია ის ხალხი, რომლებსაც სურთ, რომ გმირებად აქციონ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ღიად მებრძოლი ადამიანები, გააძლიერონ ის ფრთა, რომელიც ამ კუთხიდან ახდენს დისკუსიას და რომელიც მზად არის, რომ იარაღი აიღოს ხელში.

"ამაზეა საქმე და შს მინისტრი კი, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენს, საუბრობს რაღაც ევრომაიდანზე, რაღაც აბსურდსა და საბურავების ყიდვაზე. ეს არის სწორედ ის უმძიმესი ვითარება, რომლის წინაშეც ვდგავართ", - განაცხადა ბოკერიამ გადაცემა არჩევანში და აღნიშნა, რომ ევრომაიდანი ხდება იქ, სადაც ქვეყნის ხელისუფლება ღალატობს ქვეყნის ინტერესს და სუვერენიტეტს.

"ჩვენი მიზანი კი ის არის, რომ ეს არ დავუშვათ და საქმე აქამდე არ მივიყვანოთ", - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პროკურატურას ხელახალი გამოძიებისთვის 31 ადამიანის საქმეები გადაუგზავნა. ეკა ბესელიას კომიტეტის დასკვნაში წერია, რომ სიაში მოხვედრილ ადამიანებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნის დროს, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ მოტივს.

იმ ადამიანებს შორის, რომელთა საქმეები პროკურატურამ ხელახლა უნდა გამოიძიოს, არიან კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, პრეზიდენტ შევარდნაძის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია, ბიზნესმენები გოჩა ძასოხოვი და ვასილ პატარქალიშვილი და სხვები.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2013 წლის დასაწყისში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით 190 პირი გათავისუფლდა. ისინი 5 დეკემბერს მიღებული დადგენილების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკურ პატიმრებად აღიარა. გათავისუფლებულებს შორის არიან 26 მაისის საქმეზე, მუხროვანის ამბოხის, ოპერაცია ენვერის, ყინწვისის და სხვა მსგავსი საქმეებისთვის მსჯავრდებულები.

კომენტარები