მეხუთე კოლონა

ალასანია: მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას არ დავუშვებთ

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას არ დაუშვებს. როგორც ალასანიამ გადაცემა არჩევანში თქვა, ამ რთულ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას აპირებს და NATO-ს სამიტისგან მნიშვნელოვან ელის, საზოგადოების წარმომადგენლებისგან ისმის რუსული პოლიტიკის "გამპრავებელი" განცხადებები, რაც თავდაცვის მინისტრის თქმით, ამორალურია.

"ამ მგრძნობიარე და რთულ ეტაპზე, ჩვენ ვაკონტროლებთ თუ რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი არაკეთილმოსურნე. ძალიან შეურაცხყოფილია მთელი თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები, რადგან საზოგადოების წარმომადგენლებისგან ისმის აბსოლუტურად ამორალური განცხადებები, რომელიც ეხება ჩვენი მოწინააღმდეგეების, რუსეთის პოლიტიკის გარკვეულწილად გაპრავებას. მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას საქართველოში არავინ არ დაუშვებს" - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები არიან სრულ მზადყოფნაში, რომ თავიდან აიცილონ ნებისმიერი საგარეო საფრთხე.

"კანონით ვერ მოთხოვ ადამიანს, რომ იყოს სამშობლოს ერთგული და პატივი სცეს დაღუპული გმირების ხსოვნას. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ 2008 წელს 169 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა ქვეყნის დაცვას, ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, 100 000-ობით დევნილი გვყავს. ასეთ პირობებში, გამოდიან მოქალაქეები და პრაქტიკულად, ძირს უთხრიან ყველაზე ძლიერს, რაც არის შენს ქვეყანაში, ჩვენს არმიას. ეს შემაშფოთებელია, ვთხოვთ ყველას, რომ წინდახედულად და პატრიოტული გრძნობით შეხედოს იმას, თუ რა ხდება საქართველოში" - თქვა ირაკლი ალასანიამ და აღნიშნა, რომ "სოკოებივით ჩნდებიან გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები".

თავდაცვის მინისტრს ეჭვი აქვს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები "ჩვენი არაკეთილმოსურნეების მხრიდან ფინანსდებიან" და ხაზგასმით იმეორებს, რომ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ პრორუსულმა ძალებმა საზოგადოების განწყობაში შეიტანონ გარდატეხა, ირაკლი ალასანია პასუხობს, რომ "თუ ობიექტურ ანალიზს გავუკეთებთ იმას, რაც ხდება დღეს უკრაინაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოწინააღმდეგეებმა ისარგებლეს შიდა გათიშულობით და შეგრძნებით, რომ ჯარი არის უმოქმედო". მისი თქმით, გაჩნდნენ ორგანიზაციენი, რომლებმაც მსგავს ანტისახელმწიფოებრივ განწყობას შეუწყო ხელი.

ალასანია აღნიშნავს, რომ საზოგადოების ერთსულოვნება არის მთავარი იარაღი, რომ ასეთი ძალების მომძლავრება არ მოხდეს.

ცნობისთვის, თბილისში ბოლო პერიოდში რამდენიმე პრორუსული აქცია გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების - "ევრაზიული ინსტიტუტი" და "დედამიწა ჩვენი სახლია", ორგანიზებით. ასევე, NATO-ს საწინააღმდეგო მსვლელობა. აქციებზე გაკეთდა განცხადებები, რომ "რუსეთი ოკუპანტი არ არის".

კომენტარები