წინასაარჩევნო გარემო

უგულავა: პრემიერს მორატორიუმზე თავისი სიტყვების კორექტირება მოუწია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი განცხადების კორექტირება მოუხდა, "რადგან პროკურატურამ - ოთარ ფარცხალაძემ უხერხულობა შეუქმნა". როგორც უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში რიყის ტერიტორიისა და იმედის გასხვისების საქმეზე პროცესის დასრულების შემდეგ თქვა, მისთვის ცხადი იყო, რომ ღარიბაშვილის ინიციატივა მორატორიუმზე, იმთავითვე უცხოელებისთვის იყო გათვლილი.

“ღარიბაშვილის ინიციატივა თავიდანვე ფარსი იყო და თვითონაც დაადასტურა, რომ გაკეთებული იყო უცხოელების თვალის ასახვევად, უცხოელებთან პოზირებისათვის. მას არანაირი სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია. როგორც ჩანს, პროკურატურას - ფარცხალაძეს თავისი ხაზი აქვს და პრემიერი უხერხულობაში ჩავარდა, თავისი სიტყვების კორექტირება მოუწია. ამით გამოვლინდა, რომ ივანიშვილი არ აპირებს ნორმალური არჩევნების ჩატარებას. ვწუხვარ, მაგრამ ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო დაძაბული იქნება, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან”, - თქვა უგულავამ.

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "თუ სასამართლო პროცესები დაწყებულია და საქმე მძიმე დანაშაულს ეხება, მორატორიუმი მასზე, რა თქმა უნდა, არ გავრცელდება. მორატორიუმი მძიმე დანაშაულს არ შეეხება”.

კომენტარები