უკრაინის კრიზისი

უკრაინაში ქალაქ ხარკოვის მერი დაჭრეს

გენადი კერნესი
wikipedia.org

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის მერზე თავდასხმა მოხდა - გენადი კერნესს ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ისროლეს. საქალაქო საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, კერნესი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია უტარდება.

თავდასხმის დეტალების შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ალასანია ავრცელებს. მისი მტკიცებით, თავდამსხმელი კერნესს სამკურნალო წყაროზე ელოდებოდა, რომელსაც ქალაქის მერი რეგულარულად სტუმრობს.

გენადი კერნესი ხარკოვის მერობამდე მსხვილი ბიზნესმენი იყო და რეგიონში დიდი გავლენით სარგებლობს. კიევში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, კერნესი მაიდნის წინააღმდეგ გამოდიოდა. თუმცა, მხარი არ დაუჭირა პრორუს აქტივისტთა სეპარატისტულ გამოსვლებს აღმოსავლეთ უკრაინაში და ქვეყნის ერთიანობას ემხრობოდა.

ზურაბ ალასანიას ვარაუდით, კერნესზე თავდასხმა მოწმობს, რომ „რუსეთი წინააღმდეგობის საკვანძო წერტილების გამოვლენას და ლიკვიდაციას ახორციელებს“. 

კომენტარები