ბავშვის გარდაცვალება

იაშვილის კლინიკაში ბავშვის გარდაცვალების საქმეს ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს

იაშვილის კლინიკაში მცირეწლოვანის გარდაცვალების საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი სწავლობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის დიმიტრი მახათაძის განცხადებით, შესაბამისმა სამსახურმა კვლევა გარდაცვლილი მცირეწლოვანის ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანგარიშსწორების წარმოება. კრიმინალია ყოველი ასეთი შემთხვევა. არსებობს ცივილიზებული გზა იმისა, რომ გაირკვეს რეალური მიზეზი დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის და გარდაცვალების სამწუხარო ფაქტის. ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. კვლევა დაწყებულია ოჯახის განცხადების საფუძველზე" - აღნიშნავს მახათაძე. 

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის ლადო კეპულაძის განცხადებით, მისი დეპარტამენტი სწავლობს იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის საქმეს ჰოსპიტალიზაციიდან გარდაცვალებამდე მონაკვეთში. კებულაძის თქმითვე, კლინიკაში მივლინებულია კომისია.

მისი განმარტებით, დეპარტამენტმა საჩივრის შესწავლა 14 აპრილს, პაციენტის დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო. კერძოდ, ბავშვის დედა პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სამედიცინო პერსონალის არასწორმა ჩარევამ გამოიწვია. მისივე თქმით, პაციენტი იმ დროისთვის სტაციონარში მკურნალობდა. დეპარტამენტი საკითხის შესწავლას ასრულებდა, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, კომისიამ მუშაობის ვადა გააგრძელა და ადგილზე შემოწმებას ორშაბათს დაასრულებს. როგორც ლადო კუპულაძემ განმარტა, ამ ეტაპზე ძირითადად დოკუმენტის გაფორმების წესებთან დაკავშირებული ხარვეზები გამოიკვეთა.

“გარდა სამედიცინო დოკუმენტში გარკვეული ხარვეზებისა, რაც არ არის პირდაპირ კავშირში მკურნალობასთან და ბავშვის მდგომარეობასთან, სხვა რამეზე საუბარი არ შეგვიძლია, როცა ექსპერტები გააკეთებენ კლინიკურ შეფასებას, კარგად გამოიკვეთება რაღაც საკითხი პროფესიული პასუხისმგებლობის”, - აღნიშნა ლადო კუპულაძემ.

კლინიკის ხელმძღვანელობა კი, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სუნთქვის მწვავე უკმარისობას ასახელებს. საავადმყოფოს მთავარი ექიმის ივანე ჩახიძის თქმით, სუნთქვის უკმარისობა თანდაყოლილი პათოლოგიის ფონზე განვითარდა. მისი ინფორმაციით, ბავშვი 11-ჯერ იყო ჰოსპიტალიზებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ასევე - სხვა კლინიკებში.

“ეს იყო მდგომარეობა, რომელიც თავიდანვე, დაბადებისთანავე განსაზღვრავდა მის მძიმე სტატუსს“, - განაცხადა ჩხეიძემ.

მცირეწლოვანი დავით ვეფხვაძე 25 აპრილს გარდაიცვალა. ბავშვის ბაბუა ექიმ პაატა გვეტაძეს ფიზიკურად გაუსწორდა. კლინიკის თანამშრომლები ექიმებზე ძალადობას დაუშვებლად მიიჩნევენ და დღეს საქცია გამართეს. მათ გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები დღესაც სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოჯახის ახლობლები არ ეთანხმებიან ექიმების განცხადებას, რომ ბავშვს თანდაყოლილი პათოლოგიური დაავადება ჰქონდა. მათი თქმით, ბავშვის მკურნალმა ექიმმა, იაშვილის კლინიკის პროფესორმა, რესპირატორული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა გვეტაძემ ოჯახს ფორმა N100 არ მისცა, რომ ბავშვი კლინიკიდან გაეყვანათ და სამკურნალოდ ისრაელში გადაეყვანათ.

ექიმის ცემის ფაქტზე სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. 

კომენტარები