თეორემა

ივანიშვილის ქველმოქმედება - პოლიტიკური პროექტი

რუსული პროპაგანდა საქართველოში ახალ ფაზაში შევიდა. გაძლიერების საბაბი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტია, რომლის მიღებასაც ანაფორიანი პუტინისტები ეწინააღმდეგებიან.

რეალურად ეს კანონპროექტი ისეთს არაფერს გვთავაზობს, რაც უკვე გაწერილი არ არის საქართველოს კანონმდებლობაში, მაგრამ შინაარსი ვის აინტერესებს, მაშინ როდესაც შესაძლებლობა ჩნდება ევროპა კიდევ ერთხელ წარმოაჩინო გარყვნილების ბუდედ და ამ გზით საქართველოს მოსახლეობის ევროპულ არჩევანში ბზარი გააჩინო.

ანტიევროპული განწყობის გაღვივებაში პუტინს ნებით თუ უნებლიეთ საქართველოს პრემიერ მინისტრიც უწყობს ხელს. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნაცვლად, ირაკლი ღარიბაშვილი ხელს ევროპისკენ იშვერს და ამტკიცებს, რომ იმ კანონის მიღებას, რომელსაც საქართველოს ყველაზე პოპულარული ინსტიტუტი, მართლმადიდებელი ეკლესია ეწინააღდეგება, ევროპელები გვაძალებენ.

პრემიერი, მისი გურუს საყვარელი პრო-პუტინული გაზეთის, ასავალ დასავალის ლექსიკით გვესაუბრება და თავს იმართლებს, რომ ამ კანონით "მამათმავლობის დაკანონება და რაღაც საშინელება" არ ხდება.

პუტინი რბილი და ხისტი ძალის გამოყენებით საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს. საქართველოს პრემიერი კი თითქოს ამ ფაქტს გვაგუებს - მის ლექსიკაში საბჭოთა დიქტატორებისთვის დამახასიათებელი ახალი სიტყვათა წყობა გაჩნდა - ღარიბაშვილმა კრიტიკოსი არასამთავრობო ორგანიზაციები "ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში" დაადანაშაულა. ეს სწორედ ბრალდებაა, რომლის საფუძველზეც სტალინმა მილიონობით ადამიანი გაჟლიტა, დააპატიმრა და გადაასახლა.

მანამ, სანამ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენითაა დაკავებული, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ თითქმის ყველა საქველმოქმედო პროექტი მთავრობას გადაულოცა ან შეწყვიტა.

იყო თუ არა ივანიშვილის ქველმოქმედება პოლიტიკური პროექტი - ამ თემას მიმოვიხილავთ გადაცემის პირველ ნაწილში.

კომენტარები