ალიევმა მომდევნო სამმხრივი სამიტის აზერბაიჯანში გამართვის სურვილი გამოთქვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ინიციატივით გამოვიდა, რომ მომდევნო სამმხრივი სამიტი აზერბაიჯანში გაიმართოს და მან რეგულარული სახე მიიღოს. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ალიევმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას სტუმართმოყვარეობისათვის და სამმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ბუნებრივია, ეს ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ამ სამიტის ძირითადი შედეგი ისაა, რომ დღეს აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი კიდეც ერთხელ ახდენენ მეგობრული ურთიერთობების დემონსტრირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისათვის. სამმხრივი ფორმატი დიდ ინტერესს იწვევს მსოფლიო მასშტაბით. ძირითადი გამოცდილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, სამაგალითო იქნება სხვა ქვეყნებისთვის", - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევი თბილისს დღეს დატოვებს, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი ვიზიტს ხვალაც განაგრძობს. 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მონაწილეობით "თბილისის სამიტი 2014" დღეს  გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. 

კომენტარები